„ლივერპულმა’’ პრემიერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო, ამჯერად „ბრაიტონთან’’ დამარცხდა – 1:2. Liverpool Echo წერს, რომ ეს იყო მატჩი, რომელშიც ორივე გუნდი ხშირად ცდებოდა. ბრაიტონელებისგან ორივე გოლი, თითო ტაიმში თითო, დენი უელბეკმა გაიტანა, შუაში კი მილოშ კერკეზმა ანგარიში გაათანაბრა.

ეს მარცხი იმას ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდი შეიძლება ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ვერ მოხვდეს.

მერსისაიდელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს Liverpool Echo-მ 6 ქულა დაუწერა. საიტმა შეფასებას ასეთი აღწერა მოაყოლა: „ბრაიტონის’’ პირველი გოლის დროს მან ძალიან ძლიერად გადაუგდო ბურთი კონატეს, რის მერეც მეტოქეს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ მოგვიანებით საგოლე გადაცემა შეასრულა და მეორე ტაიმში სამი კარგი დარტყმა მოიგერია. ბურთის ფეხით გამოტანა ცოტა საეჭვო ხარისხისა ჰქონდა.

This is Anfield: შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე იძულებითი შეცდომა დაუშვა, რის კულმინაციაც იყო დენი უელბეკის პირველი გოლის წინ ბურთის არაზუსტი გამოტანა. თითის წვერებით ჩაჭრა იაკუბა მინტეს ჩაწოდება, რომლის შედეგადაც ბურთი უელბეკს თავზე აჯდებოდა. მეორე ტაიმში თამაშს მოუმატა და მეტიც – რამდენიმე მნიშვნელოვანი დარტყმა მოიგერია, რითაც ეშხში შესული „ბრაიტონი’’ შეაკავა.

liverpool.com (6): ალისონ ბეკერის ტრავმის წყალობით მორიგი შანსი მიეცა. რამდენჯერმე მისი ფეხით გათამაშებული ბურთი თანაგუნდელებს ვერ დაეხმარა, როგორც ეს მოხდა პირველი გოლის წინ, როდესაც მისი დარტყმული აუტში გადავარდა, ხოლო იქიდან წამოღებული უელბეკმა „ლივერპულის’’ კარში შეაგდო. რამდენჯერმე მაღალ ბურთზე უფრო კარგად შეეძლო თამაში, მაგრამ ჯამში რამდენიმე კარგი დარტყმა მოიგერია.

სხვა საიტებმა მამარდაშვილის თამაში ასე შეაფასეს: flashscore – 7.2 (გუნდში საუკეთესო შეფასება სობოსლაისთან ერთად); whoscored – 6.4 (გუნდში მერვე შეფასება სათადარიგოებთან ერთად); sofascore – 6.4 (გუნდში მეათე შეფასება სათადარიგოებთან ერთად); fotmob – 6.7 (გუნდში მეხუთე შეფასება რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად)