„პარი სენ ჟერმენის’’ წარმატებული კვირა ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ნიცას’’ 4:0 ძლევით დასრულდა. ასეთ შეხვედრებზე შეიძლება თქმა, რომ გამარჯვებულ გუნდს ოფლი არ გამოსვლია ― პარიზელები ცხრილის სათავეში დარჩნენ და მდევარ „ლანსს’’ ძველებურად ერთი ქულით უსწრებენ.

ერთადერთი, რაზეც ქართველ გულშემატკივარს ამ შეხვედრაში გული დასწყდა ხვიჩა კვარაცხელიას უიღბლობაა. პსჟ-ს ვარსკვლავს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი ხან ოდნავ ასცდა მიზანს, ხანაც მცველმა ბოლო წამს მისი გადაგდება შეძლო. ერთხელ კვარაცხელიამ მაინც მოახერხა გატანა, მაგრამ გაირკვა, რომ საგოლე პასის ავტორი ოსმან დემბელე „სანტიმეტრიან’’ ოფსაიდში იყო.

ანგარიში პენალტით 42-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა გახსნა. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე დეზირე დუემ მეორე გაიტანა. 76-ე წუთზე კვარაცხელია სენეგალელმა იბრაჰიმ მბაიემ შეცვალა, მერე კი პერიზელებმა კიდევ ორი შეგადეს: დრო ფერნანდესმა თავისი პირველი პარიზული გოლი გაიტანა, 85-ეზე კი უორენ ზაირ-ემერიმ შეხვედრას წერტილი დაუსვა.

maxifoot-მა კვარაცხელიას 7 ქულა დაუწერა. ამაზე მეტი საიტმა დაუწერა დუეს, ვიტინიას და ზაირ-ემერის, ხოლო ხვიჩას ტოლად შეაფასა ილია ზაბარნი, ვილიამ პაჩო და ლუკა ერნანდესი. საიტმა ქართველის თამაში ასე აღწერა: „პირველ ტაიმში ის ძალიან ცოცხალი იყო, რამდენიმე გარღვევა შეასრულა და დიუფს ბრწყინვალე მოგერიება აიძულა. შესვენების შემდეგ მისი გავლენა შემცირდა, თუმცა შეტევებსა და ბურთის კონტროლში მონაწილეობდა’’.

კვარაცხელიას 7 ქულა დაუწერა footmercato-მაც. ამ პორტალმა ასევე შეაფასა დუე, ზაირ-ემერი და ზაბარნი, ხოლო ვიტინიას ყველაზე მეტი 7.5 ქულა დაუწერა.

„მას მერე, რაც „ჩელსისთან’’ ორ შეხვედრაში გაიბრწყინა, ქართველმა „ნიცასთან’’ მისთვის უცნობი ცრუ ცხრა ნომრის როლი შეასრულა. დემბელე თადარიგში იჯდა. მიუხედავად იმისა, რომ პოზიცია მისთვის ნაცნობი არ იყო, მე-12 წუთზე დუეს კარგი პასით შეხვედრის პირველი დარტყმა შეასრულა. მისი თამაში თანდათან უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა და გოლის შეგდებასთან ახლოსაც იყო, მაგრამ მისი დაბალი დარტყმული კუთხეში დიუფის შორეულ ძელს სულ ოდნავ აცდა, ხოლო მისი თავური ბამ გამოიტანა. შემდეგ კვარაცხელიამ ყოყმანის გარეშე დაიხია უკან და წამოიწყო შეტევა, რომელსაც პსჟ-ს მეორე გოლი მოჰყვა. მისი პრესინგი „ნიცას’’ დაცვას გვარიანად აწუხებდა. 69-ე წუთზე დემბელეს პასით შეეძლო ზეიმის თანამონაწილე გამხდარიყო, მაგრამ გოლი ოფსაიდის მიზეზით არ ჩათვალეს’’.

სხვა საიტებმა კვარაცხელიას თამაში ასე შეაფასეს: flashscore – 7.0 (გუნდში მეათე შეფასება სათადარიგოთა ჩათვლით); sofascore – 6.6 (გუნდში მეთოთხმეტე შეფასება სათადარიგოთა ჩათვლით); whoscored – 6.9 (გუნდში მეცხრე შეფასება სათადარიგოთა ჩათვლით); fotmob – 7.2 (გუნდში მერვე შეფასება სათადარიგოთა შორის)