„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის დედაქალაქის დერბი მოიგო, „პარიზი’’ დაამარცხა 2:1. მატჩის შემდეგ გამარჯვებულთა მწვრთნელმა გაღიზიანება ვერ დამალა. მან თქვა, რომ ოფიციალური პირები ტრიბუნებიდან შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო შეხვედრის შეჩერებას აპირებდნენ, რაც უსამართლობა იქნებოდა.
როგორც ამბობენ, „პარკ დე პრენსის’’ დიდ ეკრანებზე დაწერეს: „Une seule voix, zéro discrimination ! Les chants discriminatoires sont inacceptables au Parc.’’ (ერთი ხმა, არანაირი დისკრიმინაცია! დისკრიმინაციული შეძახილები „პარკზე’’ დაუშვებელია).
აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ სტადიონის გამომცხადებელმა გულშემატკივარს მიმართა თხოვნით, „მარსელის’’ ფანები ვირთხებად არ მოეხსენებინათ.
კიდევ ამბობენ, რომ მსაჯმა ბენუა ბასტიენმა ორივე გუნდის სათადარიგოთა სკამი გააფრთხილა შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
ლუის ენრიკეს კი მატჩის შეწყვეტის მუქარა არ ესიამოვნა, რის შესახებაც რადიო Ligue 1 + ის ეთერში დაუფარავად ილაპარაკა. „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი აღელვებისგან ფრანგულიდან მშობლიურ ესპანურზეც კი გადაერთო: „წარმოგიდგენიათ, ამ შეძახილების გამო მატჩის შეჩერებას აპირებდნენ. არადა, იგივე ხდება მარსელში, ლიონში თუ ნანტში, თამაშის შეწყვეტით კი მხოლოდ „პარი სენ ჟერმენს’’ ემუქრებიან. ჩემი აზრით ეს უსამართლობაა’’.
„პარი სენ ჟერმენი’’ შემდეგ შეხვედრას ქუვეითში „მარსელის’’ წინააღმდეგ აქვს. ეს იქნება საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრა, რომელსაც სარეკლამო-კომერციული მიზნებისთვის საზღვარგარეთ ატარებენ.
ლიგა 1-ის მე-17 ტურში „მარსელმა’’ შინ 0:2 წააგო „ნანტთან’’. ამ შეხვედრაში მარსელელებს ორი ფეხბურთელი გაუგდეს, ბელგიელი არტურ ვერმეერენი (26-ე წუთზე უხეშობისთვის) და მაროკოელი ბილალ ნადირი (56-ე წუთზე, მეორე ყვითლისთვის).





