გიჟური თამაში გამოდგა „ლიდსი’’ „ლივერპულის’’ წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა კვლავ არ მიუღია. „ელანდ როუდზე’’ მერსისაიდელებმა ორჯერ გაუშვეს უპირატესობა ხელიდან. უგო ეკიტიკემ მეორე ტაიმის ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი შეაგდო, რის გამოც მასპინძლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ 73-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინმა პენალტით შეამცირა სხვაობა, გერმანელმა ანტონ სტახმა კი მალე ანგარიში გაქვითა. მე-80 წუთზე დომინიკ სობოსლაიმ ისევ „წითლები’’ გაიყვანა წინა, მაგრამ 90+6 წუთზე იაპონელმა აო ტანაკამ შეხვედრას წერტილი დაუსვა ― 3:3.
როგორ შეაფასეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ წოდებული ალისონის თამაში სხვადასხვა საიტებმა? მოგეხსენებათ, მამარდაშვილი სწორედ ბრაზილიელთან კონკურენციის გამო ზის „ლივერპულის’’ სათადარიგოთა სკამზე.
Liverpoolecho (6) – ერთ დაკარგულ პასს თუ არ ჩავთვლით მეკარეს პირველ ტაიმში საქმე არ ჰქონია. შესვენების შემდეგ რამდენიმე დარტყმა მოიგერია. „ლიდსის’’ გოლებს ვერაფერს მოუხერხებდა.
liverpool.com (6) – მის მიერ ფეხით შესრულებული პასები რამდენიმე დღის წინანდელ შეხვედრაშიც უზუსტო იყო და აი, ამ ნაკლმა კვლავ იჩინა თავი. სველ მინდორზე კარგად მუშაობდა, გოლებისგან გუნდის გადარჩენის ვარიანტები კი არ ჰქონია.
Thisisanfield (6) – თავიდან გაყინულს ჰგავდა, გეგონება სიცივისგან ფეხები შეზღუდული ჰქონდა და უზუსტო პასებსა და დარტყმებს ეს განაპირობებდა. თამაშში იმის მიხედვით ჩაერთო, რამდენადაც დაცვამ მისცა ამის საშუალება. ჯეიდენ ბოგლის ახლოდან დარტყმულის მოგერიების ეპიზოდში თავისი დონე აჩვენა, თუმც ეს გოლი რომც გასულიყო ოფსაიდის გამო არ ჩაითვლებოდა. მუდამ ყურადღებით იყო. პენალტის დროს კინაღამ თითის წვერებით შეეხო ბურთს. დანარჩენ ორ გოლს ვერაფერს მოუხერხებდა. გაიყინა და იძულებული იყო ეცქირა, თუ როგორ უშვებდნენ თანაგუნდელები ხელიდან უპირატესობას.
Flashscore – 6.0; sofascore – 5.8; whoscored – 5.6; fotmob – 5.4.





