საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა მისთვის შესაფერის კალაპოტში დაბრუნებულიყო და „რენს’’ 5:0 მოუგო. ამ გამარჯვებამ პარიზელები მაქსიმალურად მიუახლოვა „ლანსს’’, რომელსაც ახლა ერთი ქულით ჩამორჩება.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად აღიარეს ორი გოლის ავტორი ხვიჩა რენკვარაცხელია. Maxifoot-მა ქართველს 10-დან 8 ქულა დაუწერა, სიტყვებით კი მისი თამაში ასე შეაფასა: „სეზონის დასაწყისიდან შედარებით ჩამქრალმა ქართველმა გარემარბმა „რენთან’’ შეხვედრაში კვლავ გამოავლინა უნიკალური თვისებები: დინამიზმი, ინიციატივა და ერთი მოქმედებით შეხვედრის ბედის გადაწყვეტის უნარი. პირველი გოლი მან ჯერ კიდევ მაშინ გაიტანა, როდესაც პარიზელებს თამაშის სადავეები ხელთ არ ეპყრათ, მეორე გოლმა კი პსჟ-ს გამარჯვებას ბეჭედი დაუსვა. სტაბილური, შთაგონებული და გაბედული პარიზელთა შეტევის ნაპერწკალი იყო, თუმცა პირველ ტაიმში ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა’’.
Footmercato (8.5) ― რამდენიმე უსახური კვირის შემდეგ ქართველმა „რენის’’ დაცვის წინააღმდეგ სანახაობა მოაწყო და ყველას აჩვენა, რომ მისგან მუდმივ მუქარას უნდა ელოდნენ. ის პსჟ-ს ყველა კარგ შეტევაში მონაწილეობდა. პირველი გოლი დიდებული სოლო გარღვევით და ულამაზესი დარტყმით შეაგდო, მაგრამ ეს არ იკმარა. შესვენების შემდეგ მან მეკარე სამბას შეცდომით ისარგებლა და მძლავრი დარტყმით კიდევ ერთი გაიტანა. ეს იყო ნამდვილად გამორჩეული შეხვედრა, რომელმაც მის თვითრწმენაზე კარგად უნდა იმოქმედოს.
Flashscore – 9.3; fotmob – 9.2; sofascore – 9.7; whoscored – 9.5.
მატჩის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებს უთხრა: „მახსოვს, გუშინ თქვენი კოლეგები მეკითხებოდნენ არჩევს თუ არა კვარა მატჩებს, ანიჭებს თუ არა ჩემპიონთა ლიგასა და ლიგა 1-ს შორის რომელიმეს უპირატესობას. მაგრამ, არა. ის ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ სანახაობრივი ფეხბურთელია, განსხვავებული, ტოპ-კლასის მენტალიტეტით და არტისტული თვისებებით. ჩვენ მასში ეჭვი არ გვეპარება’’.





