Paris, France Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain in action during the Ligue 1 McDonald's match between Paris Saint-Germain FC and RC Lens...მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო: „პარი სენ ჟერმენმა’’ ოფიციალურად მოითხოვა „ლანსთან’’ შეხვედრის გადადება. ეს მატჩი დანიშნულია 11 მარტს, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ ორ თამაშს შორის. პარიზულ გუნდს სურს დაძაბული კვირა შეიმსუბუქოს, მაგრამ გადადების კატეგორიული წინააღმდეგია „ლანსი’’. ადრე ფრანგულ პრესაში ამოვიკითხეთ, თითქოს მეტოქის თანხმობის გარეშე ლიგა 1-ის კალენდარი ვერ შეიცვლება, მაგრამ „პარიზიენი’’ წერს, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის დირექტორთა საბჭოს შეუძლია საკითხი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს.

„პასუხისმგებლობითა და ზომიერების გრძნობით განმსჭვალულმა „რასინგ კლუბ დე ლანსმა’’ პირველივე მიმართვის შემდეგ განუმარტა „პარი სენ ჟერმენს’’, რომ მას განზრახული აქვს შეხვედრის თარიღი არ შეცვალოს’’, – განაცხადა „ლანსის’’ დირექტორატმა X პლატფორმაზე.

როგორც ხსენებული დირექტორატი წერს, მათ უნდოდათ ამ საკითხის გარშემო საჯარო საუბრისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ შესული განცხადებების, ჩარევისა და სხვადასხვა წინადადების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ გადაწყვიტეს დუმილი დაერღვიათ.

„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი თანდათანობით ყალიბდება იმ ცვლადად, რომელიც ზოგიერთის იმპერატივების გამო მუდმივ კორექტირებას განიცდის. საქმე გვაქვს სპორტული სამართლიანობის უცნაურ აღქმასთან, რის ექვივალენტსაც სხვა მსხვილ კონტინენტურ შეჯიბრებებში ვერ იპოვით’’, – წერია „ლანსის’’ განცხადებაში.

„ლანსის’’ არგუმენტი მისი კალენდარია. კლუბი ძველებურად იბრძვის საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისა და თასისთვის. პსჟ-თან შეხვედრის გადადება კი მას გამოატოვებინებს 15 დღეს, რის შემდეგაც გუნდს ერთ კვირაში სამი მატჩის ჩატარება მოუწევს.

კლუბი წერს: „რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ლიგა 1-ში მეათე ბიუჯეტის მქონე კლუბი ვალდებულია მოერგოს ყველაზე გავლენიანი კლუბების ინტერესებს. ეს ინტერესები კი ქვეყნის შიდა საფეხბურთო ცხოვრებას სცილდება. ქვეყნის ფეხბურთი ბოლო პერიოდში ისედაც დაკნინდა (ლიგა 1-ში გუნდების რაოდენობა 18-მდე შემცირდა, ლიგის თასი კი საერთოდ გაუქმდა)’’.

ცნობილია, რომ „ლანსის’’ მეპატრონე, ლიბანური წარმოშობის ფინანსისტი ჟოზეფ უგურლიანი „პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან ცუდ ურთიერთობაშია.

„ლანსი’’ წერს, რომ ყველაფერთან ერთად არსებობს კიდევ უფრო ფუნდამენტური საკითხი: ყველა ვალდებულია პატივი სცეს შეჯიბრებას, რომელშიც მონაწილეობს. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ლიგა 1-ს მავანთა ამბიციის გამო მეორე პლანზე დებენ.

რას გადაწყვეტს ფეხბურთის ლიგა, ხუთშაბათს გახდება ცნობილი.