ესეც ახალი ამბავი: ამ ზაფხულს „ლიონი’’ ყველას შეელევა გიორგი მიქაუტაძის გარდა! მიუხედავად იმისა, რომ რონისპირელები ლიგა 2-ში გაგდებას გადარჩნენ, ფინანსური კრიზისი ფინანსურ კრიზისად რჩება და მისგან თავის დაღწევის საშუალება კვლავ ფეხბურთელების გაყიდვაა. როგორც ფრანგული მედია წერს, ლიონელები ყიდიან ყველას, კორენტენ ტოლისოს, მალიკ ფოფანას თუ ლუკა პერის, თუმცა არის ერთი ფეხბურთელი, რომლის გასხვისებისგანაც მაქსიმალურად შეიკავებენ თავს და ეს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძეა.
„ლიონში’’ გადაბარგებიდან ერთ წელიწადში მიქაუტაძე ადგილობრივი ლეგენდის ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრედ ითვლება, მაგრამ მისი ყიდვა სხვა კლუბებსაც სურთ, განსაკუთრებით იტალიაში. ბოლო დღეებში „ატალანტაზე’’ ალაპარაკდნენ. საქმე ის არის, რომ ბერგამოელთა ფორვარდი მატეო რეტეგი საუდის არაბეთში მიდის და კლუბს მისი შეცვლა უნდა. რასაკვირველია, ჟორჟი „ატალანტას’’ ერთადერთი ოპცია არ არის. მის გარდა კლუბს მიზანში ჰყავს ამოღებული ნიკოლა კრსტოვიჩი (ლეჩე), ადამ დაგიმი (ზალცბურგი) და ევან ფერგიუსონი (ვესტ ჰემი), თუმცა ეს უკანასკლენლი ალბათ უფრო „რომაში’’ წავა.
რამდენიმე დღის წინ „ლიონმა’’ განაცხადა, რომ მიქაუტაძესთან დაკავშირებით 20 მილიონ ევროზე ნაკლებ შეთავაზებას არც განიხილავს. ტრანსფერმარკტის ბოლო მონაცემების მიხედვით კი ქართველის ფასი 22 მილიონი ევროა.





