ევროპის ტოპ 5 ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს – საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“  გიორგი წიტაიშვილის შემდეგ გიორგი აბუაშვილიც ჩაირიცხა.

„გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენს გუნდს კიდევე ერთი ქართველი ფეხბურთელი შემოემატა – 22 წლის გიორგი აბუაშვილი ფოთის „კოლხეთიდან“ „მეცში“ იჯარით ითამაშებს.

აბუაშვილი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის, თბილისის „დინამოს“ აღზრდილია, მას დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში 16 წლისას ჰქონდა, 2021 წელს კი პორტუგალიურ გრანდში, „პორტუში“ გადავიდა, სადაც მხოლოდ სარეზერვო გუნდში ეძლეოდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. „პორტუდან“ რუმინეთის „პეტროლულში“ გადინაცვლა, ბოლოს კი სამშობლოში დაბრუნდა და ფოთის „კოლხეთს“ შეუერთდა, სადაც პირველ სეზონში 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა, წელს კი 18 მატჩში 8 გოლი დაუგროვდა.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში აბუაშვილმა შესანიშნავი გოლი გაუტანა საფრანგეთის ნაკრებს და ანგარიში გაათანაბრა“, – ასე გააცნო „მეცის“ ვებ-გვერდმა გუნდის ახალწვეული ქომაგს.

„მიხარია, რომ „მეცში“ თამშის შესაძლებლობა მომეცა. მოუთმენლად ველი პირველ მატჩს ამ გუნდის მაისურით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ოჯახის წევრებს, აგენტებს, ნდობისა და დახმრებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ბევრ გოლს გავიტან და „მეცს“ დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები“, – განაცხადა გიორგი აბუაშვილმა. შეგახსენებთ, ადრე „მეცში“ კიდევ ერთი გიორგი, მიქაუტაძე თამაშობდა…