Udinese-Napoli, Calzona emergency: Raspadori also stops! The latest on Kvaratskhelia, two recover
უდინეში რასპადორი და კვარაცხელია არ იქნებიან.

დღეს, საქართველოს დროით 22:45-ზე უდინეში „სტადიო ფრიულიზე”, რომელსაც ოფიციალურად „ბლუენერჯი სთედიუმი” ჰქვია, მე-18 ადგილზე მყოფი „უდინეზე” მე-9 ადგილზე მყოფ „ნაპოლის” უმასპინძლებს. ნეაპოლელებს არ ეყოლებათ ხვიჩა კვარაცხელია. „სტადიო ფრიული” ის სარბიელია, რომელზეც შარშან, 2023 წლის 4 მაისს „ნაპოლიმ” 1:1 ითამაშა და ოფიციალურად გაინაღდა იტალიის ჩემპიონის წოდება.

ისედაც მნიშვნელოვან შეხვედრას ვერონაში „ფიორენტინას” გუშინდელმა წაგებამ (1:2) დამატებითი ნაპერწკალი შეჰმატა. „ფიორენტინა” მე-8 ადგილზეა და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც „ნაპოლის” — 50. მერვე ადგილი კი კონფერენციის ლიგაზე გადის. თავის მხრივ, „უდინეზე” გასავარდნთა ზონაშია და სერია A-ში დარჩენისთვის იბრძვის. უდინელები „ნაპოლის” შემდეგ უშუალო კონკურენტებს „ლეჩეს”, „ემპოლისა” და „ფროზინონეს” ხვდებიან, მაგრამ მწვრთნელი ფაბიო კანავარო, რომელიც სერია A-ს გუნდში პირველად მუშაობს, ბოლო სამი თამაშის იმედად ვერ იქნება. ის ყველა ღონეს იხმარს, რათა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდს მოუგოს.

ზემოთ ვახსენეთ, რომ „აძური” უდინეში, რომელიც მათი მეკარის ალექს მერეტის მშობლიური ქალაქია, კვარაცხელიას გარეშე ჩავიდა, მაგრამ ქართველი სტუმრების ერთადერთი დანაკლისი არ არის. კლუბის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ მის გარდა არ იქნება ჯაკომო რასპადორიც, რომელმაც ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე კოჭი იტკინა. მათ გარდა შეხვედრას გამოტოვებენ პიოტრ ჟელინსკი და ორ მეორეხარისხოვანი ფეხბურთელი: მეკარე პიერლუიჯი გოლინი და ლეანდერ დენდონკერი. ერთი დღით ადრე ამბობედნენ, რომ მატეო პოლიტანოს საქმეც სათუო იყო. ნეაპოლელთა გასახარად ასე არ აღმოჩნდა.

კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ გარისკვად არ ღირს. ლაპარაკია მარცხენა ბარძაყის კუნთის გაჭიმვაზე. „ნაპოლის” ექიმები ამბობენ, რომ ჯობს ხვიჩამ დღეს დაისვენოს და გუნდს დარჩენილ შეხვედრებში „ბოლონიასთან”, „ფიორენტინასა” და „ლეჩესთან” დაეხმაროს.