კრიშტიანუ რონალდუმ „ბრაიტონთან“ (2:0) ჩინებულად ითამაშა — ექვსმატჩიან უგოლო პერიოდს წერტილი დაუსვა და რომ გამართლებოდა ჰეთ-თრიკის შესრულებაც კი შეეძლო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეორე გოლი ბრუნო ფერნანდეშმა 90+6 წუთზე გაიტანა.

მანკუნიანელთა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა მატჩის შემდეგ თქვა, რომ 37 წლის ვეტერანს ასე უკვე კვირებია არ უთამაშია:

„ეს იყო საუცხოო გოლი. არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ საუცხოოც“.

ახლა „იუნაიტედს“ 24 თამაშიდან 43 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა.

რანგნიკი: „თავისი ენერგიითა და მოწადინებით რონალდუ ყველა მატჩში მხარში ედგა თანაგუნდელებს, მაგრამ ეს თამაში ბოლო ტურებისგან გამოირჩეოდა. ეს იყო მისი საუკეთესო თამაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რომელშიც მეტისმეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა“.

პორტუგალიელი მიმდინარე სეზონში „მაჩესტერ იუნაიტედის“ ბომბარდირია. მას 15 გოლი აქვს გატანილი. კრიშტიანუმ მატჩის შემდეგ „ინსტაგრამზე“ დაპოსტა: „დავბრუნდი! გულის აცრუებას არავინ აპირებს. კალაპოტში ჩადგომის ერთადერთი გზა არსებობს: დაუღალავი მუშაობა, გუნდური მუშაობა, სერიოზული მუშაობა. სხვა ყველაფერი ხმაურია. წინ, ეშმაკებო!“

„ბარნლისა“ და „საუთჰემპტონთან“ ნათამაშევი ორი ფრის შემდეგ ამბობდნენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ოთხეულში ვეღარ მოხვდებოდა, მაგრამ „ბრაიტონთან“ 2:0-ის მოგებამ ეს განწყობილება შეცვალა.

რანგნიკი: „დღეს დიდ გამარჯვებას მივაწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სათამაშო. დღეს პირველი ტაიმი არ ვარგოდა. მეორეში სურათი შეიცვალა. ჩვენ აგრესიულები გავხდით. შევძელით, მეტოქისთვის ბურთი მის საჯარიმოსთან ახლოს წაგვერთმია და შეტევები იქვე წამოგვეწყო“.