Liverpool goalkeepers Alisson Becker, Giorgi Mamardashvili and Freddie Woodman during a training session at the AXA Training Centre, Liverpool....ლივერპულურმა პორტალმა This is Anfield გამოაქვეყნა წერილი, სადაც „წითლების’’ მეკარეთა შესახებ ილაპარაკა. საიტი წერს, რომ ალისონი სავარაუდოდ მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერია, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემები მოეძალა, რის გამოც უკვე 10 თამაში გამოტოვა. ამის გამო გუნდის ახალწვეულმა გიორგი მამარდაშვილმა ყველა შეჯიბრებაში ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ექვსი პრემიერლიგისა იყო. 25 წლის ქართველი იმედისმომცემი მეკარეა, მაგრამ მას და ალისონს შორის არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება და „ლივერპულის’’ ფეხბურთელებმა ეს უნდა გაითვალისწინონ: მამარდაშვილი ფეხით ცაციაა, ალისონი კი მემარჯვენე.

„შეიძლება ფიქრობთ, რომ პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის ამ სხვაობასთან ადაპტაცია ადვილია. მათ ახალ მეკარეს ბურთი მარცხენა მხარეს უნდა მიუგორონ და სულ ეს არის, მაგრამ როგორც გაირკვა ეს ასე ადვილი სულაც არ ყოფილა’’, – წერს This is Anfield.

„ბრაიტონთან’’ შეხვედრაში, რომელიც „ლივერპულმა’’ 1:2 წააგო, კარში 29.6 მილიონ გირვანქად ნაყიდი ქართველი იდგა, რომელსაც მისმა თანაგუნდელებმა ბურთი არაერთხელ მიაწოდეს მოუხერხებელ მხარეს. შედეგად, მეკარემ, რომელსაც სუსტი მარჯვენა ფეხით თამაში აშკარად არ ეხერხება, 13 შორი პასიდან სწორად მხოლოდ ორი გადააწოდა (13%). Fotmob-მა დათვალა ყველანაირი პასებიც და გამოვიდა, რომ მამარდაშვილს მათი მხოლოდ 46% ჰქონდა სწორი (26-დან 12).

პორტალი წერს, რომ მეკარეები ეგრეთწოდებულ მინდვრის მოთამაშეებთან შედარებით ხშირად აწვდიან პასებს უზუსტოდ. მათი ძლიერი დარტყმები ხშირად არ არის მოზომილი და თანაგუნდელებს ბურთის მოსაპოვებლად თავით თამაში უჭირთ. მისი ბრალია თუ არა, მამარდაშვილს ბურთის ფეხით გამოტანის სიზუსტე უფრო დაბალი აქვს ვიდრე სხვა მეკარეებს. „ბრაიტონთან’’ შეხვედრის დღეს მოწინააღმდეგის მეკარეს ბარტ ვერბრუგენს შორეული პასების 38% და ზოგადად პასების 70% ჰქონდა სწორი.

მიმდინარე სეზონში ფეხით თამაშს შიგადაშიგ ალისონსაც უწუნებდნენ, მაგრამ მისი სიზუსტე მამარდაშვილისას სჯობდა – 42% შორეული პასების შემთხვევაში და ყველანაირი 79.6% 70.8%-ის წინააღმდეგ ყველანაირი პასების შემთხვევაში.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მამარდაშვილი კრიტიკას იმსახურებს. მან რამდენიმე კარგი დარტყმული მოიგერია და მოედანზე სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ლივერპულის’’ ფეხბურთელებს რასაკვირველია არ დაეხმარა ის ფაქტი, რომ მათ უკან არა მარჯვენა, არამედ მარცხენა ფეხით მოთამაშე მეკარე იდგა, მაგრამ თავადაც უფრო სწრაფად აეღოთ ამ ამბისთვის ალღო არ იქნებოდა ცუდიო, წერს This is Anfield. სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა, რომელმაც „ბრაიტონის’’ პირველი გოლი გამოიწვია. მამარდაშვილმა თანაგუნდელს ძლიერი ფეხით უცნაური პასი მიაწოდა და ბურთი აუტში გადავარდა. „ლივერპულს’’ ამ აუტის მოწოდების წამსა და გოლს შორის დროში შეეძლო მოწინააღმდეგის კომბინაცია ჩაეშალა, მაგრამ პორტალის აზრით ბურთის გამოტანასთან დაკავშირებული ეს პრობლემები კარგი მაგალითია იმისა, რომ „ლივერპულის’’ ფეხბურთელები შეთამაშებულები არ არიან და ოსტატობა აკლიათ.