მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა იტალიამ ტიტული ბოლოს 2006 წელს მოიგო. მას მერე „სკუადრა აძურამ’’ (2021 წელს) ევროპის ჩემპიონატზე კი გაიმარჯვა, მაგრამ მუნდიალზე 2014 წლის შემდეგ საერთოდ აღარ ყოფილა – ფინალურ ეტაპზე ვეღარ ხვდებოდა. ახლა საშინელი მდგომარეობის გამოსწორება 2006 წლის ჩემპიონის ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით შეუძლია. გატუზო უცნაური მწვრთნელია. მან 12 წელიწადში 10 კლუბი გამოიცვალა.

იტალიის ნაკრები 26 მარტს ფლეი-ოფში საქართველოს მომავალ მეტოქეს ჩრდილოეთ ირლანდიას ხვდება. მათ შორის გამარჯვებული 31 მარტს ფინალში უელსსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

2026 წლის მუნდიალზე მოსახვედრი შესარჩევი ტურნირი იტალიამ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ „ნაპოლის’’ ყოფილი თავკაცი 2025 წლის ივნისში მოხსნეს. ჟურნალისტი დანიელე ვერი წერს, რომ სპალეტის შეცვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. ყველაზე აქტიურად განიხილავდნენ კლაუდიო რანიერის ვარიანტს, მაგრამ რანიერიმ საბოლოოდ თავი შეიკავა და არჩევანი გატუზოზე შეჩერდა.

სპალეტიმდე რა იყო? რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურა’’ ევროპის ჩემპიონი კი გახადა, მაგრამ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა ― ფლეი-ოფში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა. მანჩინი 2023 წელს ნაკრებს დაემშვიდობა და სამუშაოდ საუდის არაბეთში გაეშურა.

სპალეტის შემდეგ კი იტალიელებმა ნაკრები ჩააბარეს გატუზოს, რომელმაც მანამდე მოასწრო მუშაობა „სიონში’’, „პალერმოში’’, „ოფიში’’ „პიზაში’’, „მილანში’’, „ნაპოლიში’’, „ფიორენტინაში’’ „ვალენსიაში’’ სადაც გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი იყო, „მარსელსა’’ და „ჰაიდუკში’’. ორ წელიწადზე მეტხანს არსად გაჩერებულა. ტიტული? მან 2020 წელს „ნაპოლის’’ იტალიის თასი მოაგებინა. ერთი სიტყვით, ზემოთ ნახსენები ჟურნალისტის თქმით მისი ნაკრების მწვრთნელად დანიშვნა სარისკო საქმე იყო.

გატუზოს ძველი თანაგუნდელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ამბობს: „გატუზოს ძლიერი ქარიზმა აქვს. ის პოპულარულია და მას იცნობენ როგორც მსოფლიოს ჩემპიონს. ისეთი გუნდის გაძღოლისთვის როგორიც იტალიის ნაკრებია მას შესაძლოა საკმარისი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ „სკუადრა აძურას’’ სათავეში სწორი მოტივაციის მქონე ადამიანი უდგას. ვფიქრობ, არჩევანი გატუზოზე სწორედ მოტივაციის გამო შეაჩერეს. მან გუნდს უნდა დაუბრუნოს ის განწყობა, რომელსაც თავად „მილანსა’’ და ეროვნულ გუნდში თამაშის დროს აჩვენებდა’’.

დღეისათვის გატუზოს ანგარიშზე ექვს თამაშში ხუთი მოგებაა, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ავტომატურად მოხვედრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. იტალია ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა – პირველზე იყო ნორვეგია.

ჟურნალისტი ვერი იმასაც ამბობს, რომ გატუზო კარგად მუშაობს, მაგრამ ყველაფერს ვერ იზამს, რადგან იტალიური ფეხბურთის პრობლემა მწვრთნელი არ არის.

„ჩვენ ცუდი გუნდი არ გვყავს, მაგრამ რიგი მიზეზების გამო იტალიური ფეხბურთის დონე ძველებური აღარ არის. დღეს იტალიის ჩემპიონატში გუნდები ნელა თამაშობენ და ასეთ მატჩებში ვარსკვლავები აღარ იზრდებიან. გატუზო პრობლემებს მარტო ვერ გადაჭრის. ის იძულებულია იმუშაოს იმ ფეხბურთელებთან ვინც მის განკარგულებაშია’’.

საინტერესოა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის წინ გატუზოს შეკრების მოწყობა უნდოდა, მაგრამ… გეგმა ჩაეშალა. ის იძულებული იყო სათითაოდ ჩამოევლო ფეხბურთელები. მათთან შესახვედრად ინგლისსა და საუდის არაბეთშიც კი ჩავიდა. ეს შეხვედრები ალბათ სამოტივაციო ხასიათისა იყო.

თუ იტალიის ნაკრები კვლავ ვერ მოხვდება მუნდიალზე, ის გახდება პირველი მსოფლიოს ჩემპიონი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ ვერ დაძლია შესარჩევი ეტაპი.

თუ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ის B ჯგუფში შეუერთდება კანადას, შვეიცარიას და ყატარს.