„პარიზიენმა’’ გაავრცელა ცნობა, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლეგენდარულ ზინედინ ზიდანთან მიაღწია შეთანხმებას და ის საფრანგეთის ნაკრების მიმავალი მწვრთნელი გახდება. მისი სახელი ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ბევრჯერ ახსენეს. „ლურჯების’’ ახლანდელი თავკაცი, ფეხბურთელობის წლებში ზიდანის თანაგუნდელი დიდიე დეშამი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ თანამდებობიდან წავა.

ზიდანთან მიღწეული შეთანხმების შესახებ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ ილაპარაკა, თუმცა ეს ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. ოფიციალურად ახალი თავკაცის ამბავს ეროვნული გუნდის აშშ-ში გამგზავრებამდე არავინ იტყვის.

ამრიგად, 53 წლის ზიდანი დაყაბულდა გაუძღვეს იმ გუნდს, რომლის შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ზიდანმა როგორც მწვრთნელმა სახელი „რეალში’’ გაითქვა, სადაც სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.