„ვილიარეალმა’’ „ბილბაო’’ 1:0 დაამარცხა და ლა ლიგაში შინ, „ესტადიო დე ლა კერამიკაზე’’ მიჯრით მოგების რაოდენობა რვამდე გაზარდა. ჟორჟ მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე ალბერტო მოლეირომ გაიტანა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ მწვრთნელმა მარსელინომ მიქაუტაძის შემცვლელზე კანადელ ტანიტოლუვა ოლუვასეიზეც ილაპარაკა, მისი მოედანზე შეშვების მიზეზები განმარტა:
„ტანი სივრცეებს ქმნის. ის სწრაფად გადის ადაპტაციას, არადა გვეგონა, რომ MLS-დან ჩამოსულ ფეხბურთელს გაუჭირდებოდა. ის გარკვეული ხანი პროფესიულ ფეხბურთში არც ჩანდა, მაგრამ როდესაც ვუყურებთ როგორ თამაშობს, გვიხარია. ტანი ჟორჟისგან (მიქაუტაძისგან) განსხვავებულ გაგრძელებებს გვთავაზობს. მას ჩვენს თამაშში დიდი წვლილი შეაქვს მიუხედავად იმისა, თავიდანვე მოედანზეა თუ მოგვიანებით ერთვება საქმეში’’.
მარსელინომ აგრეთვე თქვა, რომ პირველ ტაიმში მისი გუნდი მეტად შემჭიდროვდა, რის გამოც მოწინააღმდეგეს სივრცე უბოძა, შესვენების შემდეგ კი „ვილიარეალმა’’ ყურადღება მოიკრიბა, ორგანიზებულად ითამაშა და მოწინააღმდეგეს აჯობა.





