ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში შინ ზედიზედ მეშვიდე თამაში მოიგო. ეს იყო მატჩი, რომელშიც „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ თავიდან ჩამორჩა მოწინააღმდეგეს, მერე კი ბედი სათავისოდ შემოატრიალა. ამ დღეს „ოსასუნას’’ ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე გახლდათ. მან თავიდანვე შექმნა მომენტები. პირველი სახიფათო ეპიზოდი მაშინ შეიქმნა, როდესაც ქართველი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა ისიდრო დიასმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. 35-ე წუთზე მიქაუტაძემ სერხიო ერერას ოსტატობის ჩვენება და სტუმართა კარის გადარჩენა აიძულა.

ერთი ხნის შემდეგ „ოსასუნას’’ კიდევ ერთი პრობლემა დაემატა ― ვალენტინ როზიემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თავისიანები უმცირესობაში დატოვა, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, თავიდან სწორედ ისინი დაწინაურდნენ. ეს შესვენების წინ პენალტით მოხდა. პენალტი სტუმრების თილისმამ და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ანტე ბუდიმირმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ სრული უპირატესობა უმრავლესობაში მყოფი მასპინძლების მხარეს იყო. 69-ე წუთზე ისრაელის ნაკრების თავდამსხმელის მანორ სოლომონის მიერ ჩაწოდებული ბურთი მიქაუტაძემ თავით შეაგდო „ოსასუნას’’ კარში, 85-ზე კი კანადელი ტანიტოლუვა ოლუვასეის დარტყმული მის თანაგუნდელს, სენეგალელ პაპე გუიეს ზურგში მოხვდა, მიმართულება იცვალა და „ვილიარეალის’’ გამარჯვების გოლად იქცა. შეხვედრის ბოლო მონაკვეთი ორმხრივ მწვავე გამოდგა.

„მე თავდამსხმელებს ჩართულობა და მომენტების შექმნა ვთხოვე. თამაშის წინ რომ გეთქვათ, პირველ გოლს თავურით გაიტანთო, არ დაგიჯერებდით. „ოსასუნა’’ დაცვაში დიდებულად თამაშობს. კმაყოფილი ვარ ჩვენი გადამწყვეტი მოქმედებებით და ბურთთან ურთიერთობით. მიქაუტაძეს კიდევ უნდა მივცეთ დრო’’, ― თქვა მატჩის შემდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელმა მარსელინომ.

AS-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა: „გოლი და დეტალები. დღეს ის უფრო თავისუფლად მოქმედებდა, შეტევას კარგად ეხმარებოდა და თანაგუნდელებთან კარგად ურთიერთქმედებდა’’.

Flashscore-მა მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, ქულებით კი 7.3 გამოუყვანა (მეხუთე შედეგი თანაგუნდელთა შორის პეპესთან ერთად); sofascore-ის შეფასება გახლდათ 7.3 (მესამე ალფონსო პედრასასთან ერთად); whoscored-ის შეფასება კი 7.6 (მეორე გუიეს შემდეგ).