Antoine Griezmann of Atletico Madrid is challenged by Georges Mikautadze of Villarreal CF during the LaLiga EA Sports match between Atletico de...ფრანგული საიტი footmercato წერს, რომ ჟორჟ მიქაუტაძეს „ლიონი’’ უყვარს, მაგრამ ეს სიყვარული ცალმხრივია. მშობლიური ქალაქის გუნდმა ის პირველად ჯერ კიდევ ბავშვობაში უარყო, რის მერეც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „სენტ-პრისტსა’’ და „მეცში’’ მოუხდა გადასვლა. 2024 წლის ზაფხულში მიქაუტაძემ როგორც იქნა აისრულა ოცნება და რონისპირელებთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქომაგები მას ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. ფორვარდმა საყვარელ გუნდში პირველი სეზონი სრულად ჩაამთავრა, 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ მერე ისევ ყველაფერი აირია.

ფინანსურ გასაჭირში ჩავარდნილი „ლიონი’’ იძულებული გახდა 24 წლის ქართველი გაეყიდა. მის სანაცვლოდ კლიბმა ესპანური „ვილიარეალიდან’’ 36 მილიონი ევრო მიიღო. მზიან მხარეში, ვალენსიის ავტონომიაში გადაბარგებულმა მიქაუტაძემ Canal+ – ს ინტერვიუ მისცა. მან თქვა:

„სატრანსფერო ბაზრის დასაწყისში ვიცოდი, რომ „ლიონში’’ ვრჩებოდი და მთელი ძალები ჩემი გუნდის სასარგებლოდ უნდა მომეკრიფა. სხვას ყველაფერს იგნორირება გავუკეთე, მაგრამ ბაზრის დახურვამდე 4-5 დღით ადრე გასაგები გახდა, რომ მყიდდნენ. ერთ-ერთი ვარიანტი „ვილიარეალიც’’ იყო. გარიგება სწრაფად შედგა’’.

ასეთი ისტორიის მიუხედავად მიქაუტაძე კლუბის გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება და არავის არაფერში ადანაშაულებს.

„მსხვერპლი? დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საყვარელი კლუბის გადასარჩენად მსხვერპლი გავიღე. ამის გაკეთება მძიმე იყო. გამახსენდა რა მოხდა როდესაც პატარა ვიყავი… წინა სეზონი ადაპტაციის იყო. რომ დავაკვირდი, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყველაფრის გასაწყვეტად შესაფერისი მომენტი სწორედ ახლა იდგა. წასვლა რასაკვირველია ძნელი იყო, რადგან ხალხს ეჩვევი, თუნდაც მათთან ხანმოკლე ურთიერთობა გქონდეს. ეს ყველაფერი მაინც ძალიან ემოციურია. წყენა? არა, არავის არაფერში ვადანაშაულებ. ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. ერთ დღეს აქ ხარ, მეორე დღეს კი შეიძლება სხვაგან ამოჰყო თავი. ბედნიერი ვარ „ვილიარეალში’’ რომ გადავედი. აქ, ესპანეთში ახალი ფურცელია დასაწერი’’.

ფრანგულ საიტს მიაჩნია, რომ მიქაუტაძისთვის „ვილიარეალში’’ გადასვლა ყურადღების ცენტრში დარჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

„მარსელინოს და რობერ პირესს („ვილიარეალში’’ თამაშობდა 2006-10 წლებში) ველაპარაკე. პირესმა მითხრა, რომ ეს დიდებული ქალაქი და დიდებული კლუბია, სადაც მე წარმატებას მივაღწევ. გარდა ამისა, აქ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა. თან ყოველთვის მინდოდა ესპანეთში თამაში. ძალიან მიყვარს ესპანური ფეხბურთი და მიხარია აქ რომ ვარ’’, ― დასძინა    თავდამსხმელმა რომელმაც „ყვითელ წყალქვეშა ნავთან’’ 2031 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

დაბრუნდება ოდესმე მიქაუტაძე „ლიონში’’?

„ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ახლა „ვილიარეალში’’ ვარ და მთელი ყურადღება ახალ გუნდზე უნდა მოვიკრიბო’’, თუმცა ის რომ „ლიონი’’ მიყვარს ყველამ იცის’’, ― თქვა ქართველმა.