შაბათს, 6 სექტემბერს, სტარტს აიღებს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი შიდა სარაგბო ჩემპიონატი. ტოპ 14-ს ამ სტატუსს ის ფაქტი ანიჭებს, რომ ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასს ბოლო რამდენიმე წელია, სწორედ ფრანგული კლუბები იგებენ, თანაც ამ ტურნირის მონაწილე კლუბების ღირსებას არა მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების წევრები იცავენ, არამედ ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებთა მოქმედი წევრების გამოკლებით, მსოფლიო უკაშკაშესი ვარსკვლავებიც.
ამ ფონზე მეტად საამაყოა, რომ საფრანგეთის ჩემპიონისა და ყველაზე ტიტულოვანი კლუბის – „ტულუზის“ გარდა, დანარჩენ 13 გუნდში ჯამში 46 (!) ქართველი ირიცხება. ცხადია, ეს რიცხვი როგორც პროფესიონალებს, ასევე ესპუართა გუნდების წევრებსაც აერთიანებს და უნდა ითქვას, რომ ამდენი ქართველი ტოპ 14-ში აქამდე არასდროს ყოფილა. ეს ფაქტი საამაყოსთან ერთად, ცოტა არ იყოს, საგანგაშოცაა, რადგან ფრანგული კლუბების სელექციონერებს უკვე 18-წლამდელთა ნაკრების წევრებიც მიჰყავთ და ამით დიდი 10-ის პერსპექტივები კნინდება.
ასეა თუ ისე, 46 კაცი მართლაც ძალიან ბევრია და ყველაზე მეტი – 6 ჩვენებური „ლიონშია“, რომელმაც ზაფხულში დავით ნინიაშვილი „ლა როშელში“ გაუშვა. პრინციპში, ეს იყო და ეს, სხვა მნიშვნელოვანი ქართული ტრანსფერი ამ ლიგაში არ განხორციელებულა.
2025/2026 წლების ტოპ 14-ის სეზონის მონაწილე ქართველ ლეგიონერთა სია (მუქი შრიფტით აღნიშნულია მორაგბე, რომელსაც ტოპ 14-ში თამაშის გამოცდილება აქვს):
ლიონი (6): ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე, ბექა შვანგირაძე, ლუკა საღინაძე, დავით ბარბაქაძე, ლუკა ხორბალაძე.
ტულონი (5): ბექა გიგაშვილი, გიორგი ბერძენიშვილი, დავით ბარამია, მიხეილ შიოშვილი, გიორგი ხონელიძე.
პერპინიანი (5): გიორგი თეთრაშვილი, გიორგი მესხიძე, დავით ლაგვილავა, ანდრო დვალი, გელა აფრასიძე.
კლერმონი (4): გიორგი ახალაძე, გიორგი ძმანაშვილი, გიგა თუთისანი, გიორგი გერგედავა.
რასინგ-92 (4): გურამ გოგიჩაშვილი, გია ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი, ვლადი აშვეთია.
მონპელიე (4): ნიკა აბულაძე, ლუკა ჯაფარიძე, ლუკა კოტორაშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია.
მონტობანი (4): ლუკა აზარიაშვილი, ნუგზარ სომხიშვილი, ლევან ეზიეშვილი, ვახტანგ ჯინჭარაძე.
კასტრი (3): ლევან ჩილაჩავა, მათე ღურწკაია, გიორგი ტურაშვილი.
ლა როშელი (3): ალექსანდრე ქუნთელია, ნიკა სუთიძე, დავით ნინიაშვილი.
პო (3): ლექსო ყაულაშვილი, გურამ პაპიძე, ბექა გორგაძე.
ბორდო (2): ლევან კეპულაძე, გიორგი ხაინდრავა.
სტად ფრანსე (2): გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი.
ბაიონი (1): ნიკა ლომიძე.





