ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

წინა ტურში ბათუმმა დიდი ანგარიშით მოიგო, ახლა, რუსთავთან დიდი ანგარიშით წააგო…

მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა.

„სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდა, თუმცა თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და ანგარიშის მიუხედავად, მაყურებელს არ მოუწყენია.

იგივე შეიძლება ითქვას „კლასიკოზე“: ქუთაისში „ტორპედომ“ „დინამოს“ უმასპინძლა და ასევე უგოლოდ დაშორდა. აქაც ანგარიშმა არ უნდა მოგვატყუოს. დაძაბული და არცთუ ცუდად საცქერი შეხვედრა გამოდგა. წინა მიმოხილვაშიც ვახსენეთ გიორგი არაბიძე და ახლაც გავიმეორებთ, „ტორპედოს“ ოდინდელი ლიდერი ნელ-ნელა იბრუნებს ჩვეულ უნარებს და ეს სასიხარულოა, რადგან ჩვენი ჩემპიონატი განებივრებული არ არის მსგავსი დონის ფეხბურთელებით. გიორგი ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ მინდორზე.

„დილამ“ აუტსაიდერ „გაგრას“ ვერ აჯობა -1:1, „რუსთავმა“ კი დამაჯერებლად დაამარცხა „ბათუმი (3:0). ეს ზღვისპირელთა პირველ მარცხი გახლდათ მიმდინარე სეზონში. მანამდე მათი მონაგარი ერთი მოგება და სამი ფრე იყო. ასე რომ, ელიგაში წაუგებელი აღარავინაა.

რუსთავი 3:0 ბათუმი

1:0 იაკობიძე (61), 2:0 ალმეიდა (64), 3:0 გუჯაბიძე (90)

მეშახტე 0:0 სპაერი

 იბერია 2:1 სამგურალი

1:0 გოშთელიანი (8), 2:0 კაფე (37), 2:1 ლაშა კვარაცხელია (80)

დილა 1:1 გაგრა

1:0 ფარულავა (10), 1:1 არსიჩი (22)

ტორპედო 0:0 დინამო