„პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი ლუის ენრიკე მშობლიურ ესპანეთში ველოსიპედიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაიტეხა. ადგილზე მას სასწრაფო დახმარება გაუწიეს, ახლა კი ოპერაცია სჭირდება. ეს ინფორმაცია X პლატფორმაზე პარიზულმა კლუბმა გაავრცელა.
„პსჟ-ს სურს ლუის ენრიკეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. უახლოეს მომავალში კლუბი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს’’, ― დასძინა პარიზელთა პრეს-ცენტრმა.
ცნობილია, რომ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი რეგულარულად უკავშირდება 55 წლის ლუის ენრიკეს, რომელიც თავგადაკლული ველოსიპედისტია და პარიზში, საცხოვრებელ სახლთან სენ ჟერმენ ენ ლეს რაიონში ხშირად ხედავენ ველოსიპედით მოსეირნეს. ის მისდევს როგორც საგზატკეცილო ასევე სამთო ველორბოლას.





