„ლიონში’’ ჟორჟ მიქაუტაძეს ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრეოდ ყოფნა არ აცადეს, კლუბმა ის „ვილიარეალში’’ გაყიდა. ბოლო დღეებში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ამბებს ფრანგული პრესა აქტიურად განიხილავდა, ესპანეთში ამ ტრანსფერს მშრალად მიუდგნენ ― ინფორმაციით შემოიფარგლენ, თუმცა ის ფაქტი, რომ ლიონელთა „მეფე ჟორჟი’’ „ყვითელი წყალქვეშა ნავის’’ ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძენილი ფეხბურთელია, ბევრს მეტყველებს.

AS წერს, რომ მიქაუტაძე დღეს, კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის და როდესაც ექიმები დაადასტურებენ რომ ჯანმრთელია, კონტრაქტს ხელს მოაწერს. გამოცემა დასძენს, რომ ტრანსფერის ფასად დადგინდა 30 მილიონი ევრო. მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 37 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

ლა ლიგის მეხუთეადგილოსანმა ამით სატრანსფერო ზაფხული დაასრულა. მრავლისმეტყველი ფაქტია ისიც, რომ ესპანური კლუბის მხრიდან მოლაპარაკებებს თავად პრეზიდენტ ფერნანდო რიოგ ალფონსოს შვილი და კლუბის გენერალური მენეჯერი ფერნანდო რიოგ ნეგუეროლესი ხელმძღვანელობდა. AS-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს პროცესი გართულდა, რადგან საქმეში სხვა კლუბებიც ჩაერივნენ, მაგრამ ფერნანდო რიოგ უმცროსმა საქმის „ვილიარეალისთვის’’ სასარგებლოდ მოკვარახჭინება შეძლო. მიქაუტაძის კონტრაქტი ექვსწლიანი იქნება.

ლიონელი ქომაგი კი „მეფე ჟორჟს’’ თბილად გამოემშვიდობა, რასაც ქვემოთ ვიდეოშიც ხედავთ.