ფინანსური მიზეზების გამო ამ ზაფხულს ლიგა 1-დან ლიგა 2-ში კინაღამ გავარდნილი „ლიონი’’ იძულებულია ფულის საშოვნელად ფეხბურთელები გაყიდოს. მან ამ გზით უკვე იშოვა 70 მილიონი ევრო, მაგრამ, როგორც ამბობენ, თავი რომ ქუდში ჰქონდეს კიდევ 40 მილიონი სჭირდება. თანხის შოვნა კლუბს ბელგიელი მალიკ ფოფანას გაყიდვით უნდოდა. მყიდველიც ჩანდა: 20 წლის მარცხენაფლანგელის გადაბირება უნდოდა „ევერტონს’’, რომელიც მასში 45 მილიონს იხდიდა. მართალია „ლიონისთვის’’ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ იყვნენ სხვა კლუბებიც და მათ შორის, თუ ჟურნალისტ უგო გილემეს ნდობა შეიძლება, იყო თვით „ბაიენიც’’, მაგრამ ფოფანას მოსაწონი ერთიც არ გამომდგარა.

ახლა „ლიონი’’ იძულებულია ფულის საშოვნელად ჟორჟ მიქაუტაძე გაყიდოს. რონისპირულმა კლუბმა ქართველი ერთი წლის წინ „მეცისგან’’ იყიდა 18.5 მილიონ ევროდ. ლიონი მიქაუტაძის მშობლიური ქალაქია. მას არსად უნდა წასვლა. ის ბოლო წამამდე კლუბის ლეგენდის ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრედ ითვლებოდა, მაგრამ გილემეს ცნობით ბედს, უფრო სწორედ კი „ლიონის’’ ხელმძღვანელობას სხვა ჩანაფიქრი ჰქონია. სატრანსფერო ფანჯრის დაკეტვამდე რამდენიმე დღით ადრე მას, როგორც ჩანს, ყიდიან. „ეკიპმა’’ დაწერა, რომ „გონების’’ დირექტორებს მონაკოში შეხვედრა დაუნიშნავთ ესპანური „ვილიარეალის’’ წარმომადგენლებთან. „ყვითელი წყალქვეშა ნავი’’ ამ ზაფხულს ფრანგ ფორვარდს, 22 წლის ტიერნო ბარის შეელია, ის „ევერტონში’’ გაყიდა და ახლა შემცვლელი სჭირდება.

foot01 წერს, რომ „ლიონი’’ მიქაუტიძეში 35 მილიონის აღებას ვარაუდობს. ამბობენ, რომ ქართველის შეძენა უნდა ინგლისურ „ბარნლისაც’’ (გუშინ „ბრენტფორდს’’ წერდნენ), რომელსაც რონისპირელებისთვის კიდევ უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია. მოკლედ, „ვილარეალი’’ პრემიერლიგის კლუბებს ვაჭრობას ვერ გაუმართავს.

წუხელ ალაპარაკდნენ საუდის არაბეთის რომელიღაც კლუბზეც, მაგრამ აქ ყველაფერი ბურუსით არის მოცული. ჯერჯერობით არც ამ არაბულ კლუბს ასახელებენ და არც იმას, თუ რამდენს სთავაზობს ის „ლიონს’’. შესაძლოა არაბების ამბავი ტყუილიც იყოს.

და რასაკვირველია არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: უნდა კი თავად მიქაუტაძეს სხვაგან წასვლა? ნივთი ხომ არ არის კლუბები ერთმანეთში გარიგდნენ და ის ერთმა მეორეს გადაულოცოს. foot01 წერს, რომ ქართველი ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირობაზე ოცნებობს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ლიონელი სკაუტები უკვე მისი შემცვლელის მიყვანაზე მუშაობენ.

დასასრულ, ცნობისთვის: „ვილიარეალი’’ ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს. ნიონში გუშინ გამართულმა წილისყრამ მის მეტოქეებად დაასახელა „მანჩესტერ სიტი’’, „ბორუსია’’, „იუვენტუსი’’ „ლევერკუზენი’’, „აიაქსი’’, „ტოტენჰემი’’, „კპენჰაგენი’’ და „პაფოსი’’.