თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო.

მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება, რომელიც 3 ქულად აქციეს, რასაც ბორჯღალოსნებმა 20 წუთის შემდეგღა უპასუხეს – მძლავრი მოლი მიხეილ ბაბუნაშვილმა მე-4 სანაკრებო თამაშში პირველი ლელოთი დააგვირგვინა. მატკავამ გარდასახა და საქართველო 7:3 დაწინაურდა.

სტარტიდან ნახევარი საათის თავზე ბორჯღალოსნებმა კარგი ფლანგური შეტევა განახორციელეს, რომელიც აკა ტაბუცაძემ დაასრულა. ეს იყო ბორჯღალოსანთა ისტორიაში საუკეთესო მელელოვის 31-ე ლელო, არადა მას მხოლოდ 37 კეპი დაუგროვებია. საოცარი შედეგია! მატკავამ ეს ლელოც გარდასახა და ანგარიში 14:3 გახადა.

მეორე ტაიმის დებიუტში და შუაწელს გიორგი კვესელაძემ ორი ძალიან ეფექტური ლელო დადო: ჯერ ცენტრიდან გაარღვია ნიდერლანდელთა ხაზი და ძელებსშუა დაამიწა ბურთი, მერე კი მარჯვენა ფლანგზე დააბოლოვა იერიში, თან მოწინააღმდეგეებთან ძალისმიერ ბრძოლაში მოახერხა ბურთის ხაზსიქით გადადება. ეს იყო „კვესოს“ მე-6 და მე-7 ლელოები მის 54-ე სანაკრებო მატჩში. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში გიორგის ასისტენტობა ტაბუცაძემ გაუწია, თუმცა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც დუბლის ავტორი დასახელდა.

ლუკა მატკავამ კვესელაძის მხოლოდ პირველი ლელო გარდასახა და მალევე ადგილი თედო აბჟანდაძეს დაუთმო. მატკავას სანაკრებო მონაგარი ამიერიდან 16 მატჩში 96 ქულას შეადგენს, ანუ მომავალ შაბათს, ესპანეთთან მისგან მე-100 ქულის მოლოდინში ვიქნებით.

დაახლოებით 8 წუთის შემდეგ ქართველთა მრავალფაზიან და ხანგრძლივ შეტევას ილია სპანდერაშვილის მორიგი ლელო მოჰყვა. ეს იყო მისი მეორე  ლელო, მე-4 სანაკრებო მატჩში. სამწუხაროდ, თედომ გარდასახვა ააცილა და აღმოჩნდა, რომ მასპინძლებმა ამის მერე ქულაც ვეღარ დააგროვეს. 31-3 – ასეთი იყო ანგარიში, ვიდრე უკვე გაწითლებულ დროში სტუმრებმა საფინიშო შტურმი შედეგიანად არ დაასრულეს. ერთობ მოულოდნელად, ნიდერლანდელებმა ბორჯღალოსნები საკუთარ ლელოს მიაჯაჭვეს, მაგრად შეუტიეს და მრავალი ფაზისა და მრავალი მცდელობის შემდეგ ბურთი ლელოში შეათრიეს, თუმცა, რუმინელმა რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა და თამაშიც იქვე დასრულდა – 31:10.

კიდევ აღსანიშნავი იყო 20 წლის მეორეხაზელის, გურამ ღანიაშვილის დებიუტი, რომელიც მან ბოლო წუთებში კარგი თამაშით აღნიშნა. მერაბ შარიქაძემ 101-ე კეპი მიითვალა, სანდრო თოდუამ – 110-ე, ხოლო გიორგი ჯავახიამ და მიხეილ ალანიამ – მე-10.

მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები, როგორც ზემოთ ითქვა, 17 თებერვალს, ავჭალაშივე ესპანელ „ლომებს“ შეერკინება. დასაწყისი 16 საათზე.