ჩემპიონთა ლიგაში დღეს „ნაპოლი” „აიაქსს” სტუმრობს. ნეაპოლელები A ჯგუფს ლიდერობენ. გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა:

„ჩვენ ზღაპრულ სტადიონზე, დიდი კლუბის წინააღმდეგ მომაჯადოებელი თამაში გველის. მეტოქის შეტევას რამე უნდა მოვუხერხოთ და გამარჯვება უნდა ვცადოთ, რადგან დიდ გუნდად მხოლოდ ასე ჩამოვყალიბდებით”.

რანაირი თამაში იქნება ტაქტიკურად?

„გუნდს სიძლიერე მუშაობის ეთიკაზე ეტყობა. თუკი დამალვას ეცდები, „აიაქსი” დაგჩაგრავს. სივრცეები უნდა აკონტროლო, თორემ დაიჩაგრები. მივაღწევთ თუ არა წარმატებას, თამაშის ბოლოს გამოჩნდება. მთავარია ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. იტალიაში ფეხბურთისადმი მიდგომა იცვლება. გვსურს „აიაქსთანაც” ჩვენ ვფლობდეთ ინიციატივას”.

ლოსანოსა და შემადგენლობის შესახებ

„ჩემს განკარგულებაში მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელების მთელი ჯგუფია, ამიტომ ყველა მათგანი ყოველ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება. სახელების ჩამოთვლას არ ვაპირებ, ვნახოთ, ვინ ითამაშებს და ვინ არა. არ არის გამორიცხული, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით ორი ან სამი ფეხბურთელი შევცვალო. ამას ჩემს თანაშემწეებთან ერთად განვიხილავ, ოღონდ ჯერ დილის ვარჯიშზეც დავაკვირდები ვინ როგორ იქნება. ლოსანო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია. როდესაც ის მოედანზეა, ამტკიცებს, რომ წარმატებისთვის საჭირო ოსტატობა და უნარები აქვს. მაგრამ, მე სხვა დიდებული თვისებების მქონე ფეხბურთელებიც მყავს. სათამაშო დრო ყველასთვის გამოიძებნება მთავარია ყველამ, ვინც მოედანზე შევა, თავისი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს”.

„აიაქსის” შესახებ

„ამ გუნდს ჩვენსავით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ოღონდ მათ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის მეტი გამოცდილება აქვთ. ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ხალხს ის გვარი ეკეროს პირზე, რომელიც მათ მაისურზე აწერიათ. ჩვენი გუნდები ერთმანეთს ჰგავს. დამატებით, ისინი კარგად იყენებენ გრძელ პასს”.

ჩემპიონთა ლიგა

„ასეთ სტადიონზე თამაში ოცნების ახდენას ჰგავს. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ყოველი საღამო შობის საღამოს ჰგავს. გვინდა ამ შეჯიბრების მონაწილე გუნდებს გავუტოლდეთ. ვცდილობთ გამუდმებით განვვითარდეთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, რადგან თუ ვარჯიშს ჩააგდებ, ვერც შეხვედრაში მიიღებ მონაწილეობას”.

„აიაქსის” მწვრთნელის შესახებ

„ჩვენზე ლაპარაკისას მან ცოტა გადააჭარბა. მიდგომებს არ შევცვლით. ამ მხრივ გასულმა წელმა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა. ხვალ არავის არაფერი გაუკვირდება”.

არის ეს უძლიერესი გუნდი, რომელიც ოდესმე გაუწვრთნია?

„ჩვენ ყოველთვის განვითარებას უნდა ვესწრაფოდეთ, საქმის კურსში უნდა ვიყოთ, თუ რა ხდება გარშემო. ყოველი მომდევნო თამაში უკეთესი უნდა იყოს”.

ჯგუფიდან გასვლა

„არა მგონია ხვალ ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი მატჩი იყოს. ჩვენ „აიაქსს” მიჯრით ორჯერ ვეთამაშებით. აი, ეს კი მნიშვნელოვანია. მეტოქე ძლიერია, მას ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში ჩვენზე მეტი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. „აიაქსი” იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც ტრადიცია კარნახობს”.

დი ლორენცო და ძანიოლი

ჯოვანი დი ლორენცო არ არის ერთადერთი, ვინც ზედიზედ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. იმის მისახვედრად სჭირდება თუ არა ფეხბურთელს დასვენება, ჩვენ მთელ რიგ ფაქტორებს ვითვალისწინებთ. მაგალითად, უნდა დავინახოთ, როგორ ახერხებს ესა თუ ის ფეხბურთელი ძალთა აღდგენას წინა თამაშის შემდეგ. დი ლორენცოზე იმას გეტყვით, რომ ის ადამიანი არ აირს, რობოტია. მისი ფიზიკური ფორმა ყოველთვის გაოცებას იწვევს. ის ვარჯიშებზეც მაქსიმალურად იხარჯება, გუნდს არასდროს ღალატობს, ნამდვილი კაპიტანია. ალესანდრო ძანიოლი? თანამედროვე ფეხბურთელია. ახალგაზრდაა, ყველაფერი წინ აქვს. რასაკვირველია, სეზონის განმავლობაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცემა”.