„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსისთან’’ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ლიგა 1-ს უბრუნდება. დღეს, საქართველოს დროით კი უკვე ხვალ ანუ 24 საათზე პარიზელები სტუმრად ითამაშებენ „ნიცასთან’’. ისინი შეეცდებიან სანაკრებო კვირეულის წინ ცხრილის სათავეში განმტკიცდნენ. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა.
– მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის „ლანსთან’’ გაქვთ თამაში. ხომ არ აპირებთ მისი გადადების თხოვნით მიმართოთ შესაბამის ორგანიზაციას?
– ჯერ კიდევ მინდა ახალ ცნობებს დაველოდო. ყველა გუნდი ცდილობს ამა თუ იმ შეჯიბრებას საუკეთესო ფორმაში შეხვდეს. ჩვენთვის ყველას ინტერესი გასაგებია.
– ლუკა შევალიე მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს. ამის გამო მის მიმართ დამოკიდებულებას ხომ არ ცვლით?
– გულწრფელად მიხარია ლუკა ნაკრებში რომ გამოიძახეს. ის ამას იმსახურებს. ლუკას შესახებ ჩემი მოსაზრება მკაფიოა. ნაკრების მწვრთნელი მე რომ ვყოფილიყავი, მეც გამოვიძახებდი, მაგრამ ამ გამოძახების გამო რაიმეს შეცვლას არ ვაპირებ.
– ისევე როგორც შარშან, წლეულსაც „ლივერპულს’’ შეხვდით…
– საუცხოო მოგონება მაქვს. მახსოვს, შარშან „ლივერპული’’ ევროპის საუკეთესო გუნდი იყო. წარმოუდგენლად კარგად თამაშობდა. არნე სლოტი პსჟ-ზე ძალიან აღმატებულად ლაპარაკობდა. ასე სხვას არ ულაპარაკია. ეს მეოთხედფინალი კლასიკა იქნება.
– როლები ისევ შენარჩუნებულია? თქვენ ხართ ფავორიტები?
– ვცდილობ გასახდელში ვითარება ვაკონტროლო. მე იღბლიანი კაცი ვარ ასეთი დონის ჭკვიანი ფეხბურთელები რომ მყავს. ამ დონის შეხვედრებში ფავორიტი არ არსებობს. ერთმანეთს ხვდება ორი გუნდი, რომელთაც კარგად იციან როგორ უნდა ითამაშონ ასეთ მატჩებში.
– თქვენ გყავთ 12-13 კაციანი ჯგუფი, რომლის ყველა წევრსაც შეუძლია ძირითად შემადგენლობაში თამაში. დღეს, როდესაც ბრედლი ბარკოლა დაშავდა ვინ ითამაშებს მის მაგივრად?
– მე მინდა 12,13 ან 14 ფეხბურთელზე მეტი მყავდეს. შემდეგ კი თავად ვწყვეტ რომელმა მათგანმა უნდა ითამაშოს. მნიშვნელოვანია ენდობოდე იმ ფეხბურთელებს რომელთაც ათამაშებ და რომელთაც დაამტკიცეს, რომ მაღალ დონეზე ასპარეზობა ეხერხებათ.
– რამდენად დიდი დარტყმაა ბარკოლას დაკარგვა, მაშინ როდესაც მან ზედიზედ კარგად ითამაშა?
– როგორც თავადაც ნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში ბარკოლას განწყობა და ტექნიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან გუნდს ბევრი სიკეთე მოუტანა. სამწუხაროა, რომ დაშავდა, მაგრამ რას იზამ ასეთია ცხოვრება. ადაპტაცია მოგვიწევს.
– როგორ შეხვედრას ელოდებით ნიცაში? ჟოაო ნევეში ითამაშებს?
– ჟოაო ნევეში ვერ ითამაშებს, მას არ უვარჯიშია. ჩვენ მის ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ. შემდეგი ორი თვის განმავლობაში ასეთი მიდგომა ლოგიკური იქნება.
– როგორ აპირებთ ამჟამინდელი ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებას?
– სანაკრებო კვირეულთან გამკლავება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ეროვნულ გუნდში თამაშიც რომ ძალიან მნიშვნელოვანია… ამხანაგური მატჩებია, სასწორზე მნიშვნელოვანი არაფერი დევს. იმედი მაქვს, ამის გამო ნაკლებად დაიტვირთებიან. ვნახოთ რა მოხდება. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია მათი დაბრუნების შემდეგ კიდევ უკეთეს ფორმაში შევიდეთ.





