Endrick Felipe player of Real Madrid is training at Valdebebas training ground on December 19, 2025 in Madrid, Spain.ცოტა ხნის წინ პაულუ ფონსეკას „ლიონის’’ სატრანსფერო გეგმების შესახებ ჰკითხეს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა უპასუხა, რომ კულისებს მიღმა პროცესები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

„ჩვენ ლუი-ჟან მატიესთან და ბენჟამენ შარიესთან („ლიონის’’ სკაუტინგის ხელმძღვანელები) ერთად ვმუშაობთ, რომ გუნდში ძლიერი ფეხბურთელები მოვიყვანოთ’’, ― თქვა ფონსეკამ. მას მერე, რაც რონისპირულმა კლუბმა ფრანგული ფეხბურთის ფინანსური მარეგულირებელისგან ახალი მოთამაშეების შეძენის ნებართვა მიიღო მის ოფისში ბევრი ვარიანტი განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ „რეალისგან’’ ბრაზილიელი ენდრიკის გადაყვანაზე შეჩერდნენ.

ენდრიკი 19 წლის არის და ბრაზილიის ნაკრებში უკვე 14 თამაში აქვს (3 გოლი) ჩატარებული. მას სეზონის პირველი ნახევარი უიღბლო ჰქონდა ― ჩაბი ალონსოს ხელში კილიან მბაპესა და გონსალო გარსიას შემდეგ მესამე თავდამსხმელი გახდა ანუ თამაში ფაქტობრივად არ უწევდა. ბრაზილიელმა აგვისტოს შემდეგ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც შეცვლაზე შედიოდა ― მოედანზე სულ 99 წუთს დაჰყო და გოლი არ გაუტანია.

ამის მიუხედავად „ლიონმა’’ ენდრიკის გადაბირება მიზნად დაისახა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოხანს ვაჭრობაში რამდენიმე ინგლისური კლუბიც ჩაერთო, მიზანს მიაღწია. ესპანური პრესა ტრანსფერში იმთავითვე იმდენად იყო დარწმუნებული, რომ დაწერა, ენდრიკი ახალ გუნდში პირველ შეხვედრას 3 იანვარს „მონაკოსთან’’ გამართავსო. ითქვა, თითქოს კონტრაქტის თანახმად „გონები’’ მოვალენი იქნებიან თავდამსხმელი 25 შეხვედრაში ათამაშონ, თუმცა „ეკიპმა’’ ასეთი პუნქტის არსებობა უარყო. ფრანგული გაზეთის ცნობით „ლიონი’’ და „რეალი’’ ორშაბათს ექვსთვიან იჯარაზე შეთანხმდნენ. საფრანგეთის შვიდგზის ჩემპიონს ენდრიკის ნახევარი წლით გადაბირება ერთი მილიონი ევრო დაუჯდება.

ფეხბურთელის ხელფასი თვეში 400 000 ევროა, რის ნახევარსაც ზაფხულამდე „ლიონი’’ გადაიხდის. კონტრაქტში რასაკვირველია ჩაიწერება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ფრანგებს მოწონების შემთხვევაში ბრაზილიელის გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭებათ.

ენდრიკს ლიონში პირველ ვარჯიშზე 29 დეკემბერს ელიან. ახლა კლუბი ცდილობს 3 დეკემბერს მისი განაცხადში შეყვანის უფლება მოიპოვოს.