Liverpool beat Tottenham at the Estadio Metropolitano to win the 2019 Champions League final
2019 წელს მეტროპოლიტანოზე „ლივერპულმა” გაიმარჯვა

უეფას გადაწყვეტილებით 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „ესტადიო მეტროპოლიტანოზე’’ გაიმართება. თავდაპირველი დადგენილების მიხედვით შეხვედრა მილანში, „სან სიროზე’’ უნდა გამართულიყო, მაგრამ ვინაიდან ბოლო დროს მილანური სარბიელის რეაბილიტაციაზე აქტიურად ლაპარაკობენ, ფინალმა ესპანეთის დედაქალაქში გადაინაცვლა. 70 ათასიანი „მეტროპოლიტანოსთვის’’ (ძველი სახელწოდებები „ვანდა მეტროპოლიტანო’’ და „სიბიტას მეტროპოლიტანო’’, ახლანდელი — „რიად ეარ მეტროპოლიტანო’’) ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალი ხილი არ არის. აქ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი „ლივერპულსა’’ და „ტოტენჰემს’’ შორის.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ თავყრილობაზე მიიღო. განიხილებოდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, ესპანეთისა და იტალიის ფედერაციები თავიანთი შიდა ჩემპიონატის ცალკეული მატჩების უცხოეთში ჩატარების უფლებას ითხოვდნენ, მაგრამ მსჯელობის მონაწილეები გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ. უეფამ ოფიციალურ გადაწყვეტილებაში დაწერა, რომ ეს მზარდი და აქტუალური საკითხია, მაგრამ მისი  გადაჭრა საერთო აზრზე შეჯერებას მოითხოვს და დრო სჭირდება.

აღმასკომმა დაამტკიცა შესწორება, რომლის თანახმადაც ევროთასების 2025-26 წლების გათამაშებაში კლუბებს ფეხბურთელის ხანგრძლივი ტრავმის ან ავადმყოფობის შემთხვევაში მისი სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლება ლიგის ან ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურამდე შეეძლებათ. მიზეზი: გუნდის შემადგენლობა უსამართლოდ არ უნდა შემცირდეს და ფეხბურთელები დამატებითი დატვირთვებისგან დაცულები უნდა იყვნენ.

აგრეთვე გადაწყდა, რომ 2026 წლის სუპერთასის შეხვედრა ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, ხოლო ქალთა 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვარშავის „ნაროდოვიზე’’ გაიმართება.