
ესპანური „ვილიარეალის’’ ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა ― „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ ერთბაშად ამდენი ფეხბურთელი ნაკრებებში არასდროს მიუვლენია. ამ სანაკრებო კვირეულში ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ გუნდში „ყვითლების’’ 11 მოთამაშე გაემგზავრა, რითაც მოიხსნა 2011 წლის მაისის რეკორდი. მაშინ „ვილიარეალიდან’’ 10 ფეხბურთელი იყო გამოძახებული.
ჯერ 2011 წლის ხალხი ჩამოვთვალოთ: ბრუნო სორიანო, ბორხა ვალერო, ხოან კაპდევილა, სანტი კასროლა და კარლოს მარჩენა (ესპანეთი); მარკო რუბენი და მატეო მუსაკიო (არგენტინა), ჯუზეპე როსი (იტალია); ნილმარი (ბრაზილია) და ჯოზი ალტიდორი (აშშ).
ამჯერად „ვილიარეალიდან’’ ესპანეთის დიდ ნაკრებში არავინ მიუწვევიათ, მაგრამ რეკორდი მაინც რეკორდია: ტეიჯონ ბუქანანი და ტანი ოლუვასეი (კანადა); პეპე გუეიე (განა); ნიკოლა პეპე (კოტ დ’ივუარი); ტომას პარტეი (განა); ილიას ამოკაში (მაროკო); რენატო ვეიგა (პორტუგალია); მანორ სოლომონი (ისრაელი); ხუან ფოიტი (არგენტინა), პაუ ნავარო (ესპანეთის U-20) და ჟორჟ მიქაუტაძე (საქართველო).
ზემოთ ვახსენეტ ფრაზა „კიდევ ერთი რეკორდი’’. ვიგულისხმეთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა სატრანსფერო რეკორდიც’’ დაამყარა: „ვილიარეალმა’’ მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა, ასეთი დიდი თანხა კი ვალენსიის თემში მდებარე ამ ქალაქის გუნდს არასდროს გადაუხდია. როგორც ხედავთ, სატრანსფერო რეკორდიდან რამდენიმე დღეში ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა რეკორდიც მიქაუტაძის წყალობით დამყარდა, არადა, ქართველს ყვითელი მაისურით ჯერ არ უთამაშია. ვფიქრობთ, ჩინებული სტარტია.





