ჯანლუიჯი დონარუმას ბედი როგორც იქნა გაირკვა: იტალიელი მეკარე „პარი სენ ჟერმენიდან’’ „მანჩესტერ სიტიში’’ გადადის. ესცნობა RMC Sport-სა და ტრანსფერების ექსპერტ ფაბრიციო რომანოზე დაყრდნობით გავრცელდა. ამრიგად, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ახალ ლიგაში, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით გამოცდის ძალებს. დონარუმას სამედიცინო შემოწმება დღეს ჰქონდა.
პარიზელებსა და მანჩესტერელებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, პსჟ-მ იტალიელის შემცვლელად ლუკა შევალიე მიიყვანა. „სიტის’’ ხელმძღვანელები თავის მხრივ ედერსონის „ფენერბაჰჩეში’’ გაყიდვის საქმეს აგვარებდნენ. ცნობილია, რომ დონარუმა სიამოვნებით დარჩებოდა „პარი სენ ჟერმენში’’, მაგრამ ის და კლუბი ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ.
როდესაც გოლკიპერმა შეიტყო, რომ პსჟ-ში აღარ ტოვებდნენ, გაწბილებულმა დაწერა: „ პსჟ-თვის როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა პირველივე დღიდან ყველაფერი გავიღე. ჩემი მიზანი გამარჯვება და ამ კლუბის ოცნებების ასრულება იყო. სამწუხაროდ, მავანმა გადაწყვიტა, რომ მე გუნდის წევრი აღარ უნდა ვყოფილიყავი და შემდგომ წარმატებებში ჩემი წვლილი აღარ უნდა შემეტანა’’.
დონარუმას ეს ნათქვამი ხალხმა პარიზელთა მწვრთნელის ლუის ენრიკეს კრიტიკად აღიქვა.
დღეს შუადღისას კი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „მანჩესტერ სიტის’’ ამბავი დაადასტურა.
„დონარუმას რაღაცები აქვს მოსაგვარებელი. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და „მანჩესტერ სიტისთან’’ კონტრაქტს ხელი მოაწეროს’’, ― თქვა მან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრებისთვის სამზადისზე ლაპარაკისას.
„სკუადრა აძურა’’ 5 და 8 სექტემბერს ესტონეთსა და ისრაელთან თამაშობს.





