ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის გარშემო დიდი ორომტრიალი იყო, რომელიც თავდამსხმელის „ვილიარეალში’’ გადასვლით დასრულდა. მიქაუტაძის აწ უკვე ყოფილი კლუბი „ლიონი’’ ესპანურ კლუბთან 30 მილიონ ევროზე მეტ თანხაზე შეთანხმდა. ეს ინფორმაცია საფრანგეთში ჯერ „პარიზიენმა’’ დაწერა და შემდეგ სხვა პორტალებმაც დაადასტურეს. დღეს „მეფე ჟორჟი’’ ვალენსიადან 58 კოლიმეტრით დაშორებულ ქალაქ ვილიარეალში ჩავა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ „ყვითელ წყალქვეშა ნავთან’’ კონტრაქტს მოაწერს ხელს. მიქაუტაძე „ვილიარეალში’’ 2030 წლამდე ითამაშებს.
არადა, ამ კვირამდე ითვლებოდა, რომ ლიონში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი თავდამსხმელი მშობლიური ქალაქის გუნდში ლეგენდად მიჩნეული ალექსანდრ ლაკაზეტის მემკვიდრე გახდებოდა. რეალურად კი მიხდა ისე, რომ მან „ლიონში’’ „მეციდან’’ გადასვლის შემდეგ მხოლოდ ერთი წელიწადი გაატარა.
ფრანგულ პრესაში წერია, რომ მიქაუტაძე სპორტული თვალსაზრისით არაფერს წააგებს, რადგან „ვილიერეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს. ნიონში გამართულმა წილისყრამ ესპანური გუნდის მეტოქეებად დაასახელა „მანჩესტერ სიტი’’, „ბორუსია’’, „იუვენტუსი’’ „ლევერკუზენი’’, „აიაქსი’’, „ტოტენჰემი’’, „კპენჰაგენი’’ და „პაფოსი’’.
foot01 წერს, რომ ქართველი პარასკევს ჩვეულებრივ მივიდა „ლიონის’’ ვარჯიშზე ― კვირას „გონებს’’ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ „მარსელთან’’. მწვრთნელ პაულუ ფონსეკას პრეს-კონფერენციაზე ნათქვამი ჰქონდა, რომ ამ მატჩში თავისი მთავარი თავდამსხმელის იმედი აქვს, მაგრამ პორტუგალიელის გეგმებიც აირია.
30 მილიონი, რომელიც მიქაუტაძეში „ლიონის’’ პრეზიდენტმა მიშელ კანგმა აიღო კლუბს ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ ფრანგული მედიის აზრით სპორტული თვალსაზრისით „ლიონმა’’ შესაძლოა ბევრი დაკარგოს. რასაკვირველია, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებენ თუ არა რონისპირელები დარჩენილ რამდენიმე დღეში ჟორჟის სრულფასოვანი შემცვლელის პოვნას.





