საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და ჩეხებთან 87:100 დამარცხდა. მოსამზადებელ ეტაპზე ეს ჩვენი გუნდის ზედიზედ მეექვსე მარცხია, რაც ცოტა არ იყოს გვაშინებს.
გვაფიქრებს მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის საქმიანობაც. თითქოსდა კვალიფიური მწვრთნელის ხელში თამაში მაგრად გვიჭირს – განსაკუთრებით დაცვაში, სადაც ძალიან ბევრ ქულას ვიღებთ. განსაკუთრებით ცუდად გამოვიყურებით პერიმეტრზე და ჩვენი მეტოქეები ძალიან ბევრ ქულას სამქულიანებით იხვეჭენ – ჩეხებმა, მაგალითად, 15(!) სამქულიანი ჩაგვიგდეს.
დასაწყისი მასპინძლების იყო და მხოლოდ მეოთხედის მიწურულს დავწინაურდით, მაგრამ ისიც ვერ შევინარჩუნეთ და ქულით წავაგეთ – 27:28.
მეორე მეოთხედი კიდევ უფრო საშინლად ჩავატარეთ და მასპინძლები დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე და მეოთხე პერიოდები ფრედ კი დასრულდა, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.
ჩეხებთან კარგი მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელიც ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო – 22 ქულა, 7 მოხსნა; სხვა ქართველი კალათბურთელების მონაგარი ასეთია: ბექა ბურჯანაძე (14 ქულა, 6 მოხსნა); გიორგი შერმადინი (13 ქულა, 8 მოხსნა); დუდა სანაძე (13 ქულა); კამარ ბოლდუინი (9 ქულა, 5 პასი); რატი ანდრონიკაშვილი (8 ქულა); გიორგი ოჩხიკიძე (7 ქულა); კახა ჯინჭარაძესა და გიორგი კორსანტიას ქულა არ მოუპოვებიათ.
გეტყვით იმასაც, რომ არ უთამაშიათ გოგა ბითაძესა და ალექსანდრე ფევაძეს. ცხადია არც გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელიც გუნდს კვიპროსზე შეუერთდება. ყოველ შემთხვევაში, ფედერაციის პრესსამსახური ასე გვამცნობს…





