„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ნება დართო ― მარკუს რაშფორდის საოცნებო ტრანსფერში „ბარსელონაში’’ შედგება. რაშფორდი „ოლდ ტრაფორდზე’’ აღარ სჭირდებოდათ, „ბარსელონამ’’ კი ფეხბურთელის შეძენა მოიწადინა და ვერც მისმა დიდმა ხელფასმა, კვირაში 325 000 გირვანქამ (375 000 ევრო) შეაშინა. ეს იმას ნიშნავს, რომ „იუნაიტედს’’ სახელფასო ფონდს დაახლოებით 15 მილიონი გირვანქა დაეზოგება და მწვრთნელი რუბენ ამორიმი მისთვის სასურველი ახალი ფეხბურთელის შეძენას შეძლებს.
„იუნაიტედი’’ და „ბარსელონა’’ რაშფორდის იჯარაზე თანხმდებიან, თუმცა გარიგება ჯერ ბოლომდე არ შემდგარა. მხარეებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები ერთ კვირას აღარ გასცდება. სამშაბათს ინგლისური გუნდი ეგრეთწოდებული პრემიერლიგის ზაფხულის სერიების ჩასატარებლად ამერიკაში მიეემგზავრება, ხოლო „ბარსა’’ 27 ივლისს აზიისკენ იღებს გეზს.
„ბარსას’’ რაშფორდის გადაბირება იანვარშიც უნდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოვდა და ფეხბურთელმა სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ასტონ ვილაში’’ გაატარა. ამ პერიოდში მისი ხელფასის უმეტესი ნაწილი ბირმინგემელებმა გადაიხადეს.
„მანჩესტერ იუნაიტედის’’ აკადემიის აღზრდილს არასდროს დაუმალავს, რომ კატალონიის დედაქალაქში უნდა გადასვლა და ივნისში რომ ჰკითხეს ლამინ იამალის მხარდამხარ თამაშს თუ ისურვებდიო, უპასუხა: დიახ, რასაკვირველია. ყველას უნდა საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ თამაში. იმედი მაქვს, რომ… ვნახოთ’’.
27 წლის შემტევმა უნაი ემერის ხელში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშა და მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენსაც’’ ყოჩაღად დაუპირისპირდა.
თუ „ბარსა’’ და „მანჩესტერ იუნაიტედი’’ შეთანხმდებიან, მაშინ რაშფორდი ერთი წლის შემდეგ იჯარას უკვე ნამდვილი კონტრაქტით შეცვლის და ცხოვრებაში პირველად აღარ იქნება კავშირში კლუბთან, რომელმაც გაზარდა. „მანჩესტერ იუნაიტედის’’ შემადგენლობაში მარკუს რაშფორდს 426 შეხვედრაში 138 გოლი აქვს გატანილი, მოუგია ევროპის ლიგა, ფეხბურთის ასოციაციის თასი და ლიგის თასი ორ-ორჯერ. „ბარსელონაში’’ გადასვლა მას პრაქტიკას და გაისად მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის შანსს მისცემს.
რაშფროდამდე „ბარსა’’ ლივერპულელი ლუის დიასის, არსენალელი გაბრიელ მარტინელის, ბაიერნელი კინგსლი კომანის და ბილბაოელი ნიკო უილიამსის ყიდვას ცდილობდა. ნიკომ საბოლოოდ „ბილბაოსთან’’ ახალი ათწლიანი კონტრაქტის გაფორმება ამჯობინა.





