„ვალენსიამ” „ვილიარეალთან” 0:1 წააგო. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა ეთამაშა დამარცხებული(!) გუნდის მეკარეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაესახელებინათ — გიორგი მამარდაშვილზე მოგახსენებთ.
AS: ფაქტობრივად ყველა დარტყმა მოიგერია. ქართველთან მხოლოდ კუენკას გაუმართლა. მამარდაშვლიმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუცხოო პერიოდი უდგას. მე-13 წუთზე მიჯრით სამი დარტყმა უკუაგდო. შემდეგ წარმოდგენა გაგრძელდა, როდესაც ბაენას პენალტი აუღო. მეორე ტაიმში სამი ისეთი დარტყმაც მოიგერია, გაზეთების პირველ გვერდებს რომ დაამშვენებდა. განსაკუთრებით ეფექტური იყო ეპიზოდი, როდესაც ხერარდ მორენოს არ გაატანინა. ექვსი დარტყმა დაბლოკა. უდავოდ მატჩის საუკეთესო იყო.
Marca: ვალენსიური დერბი სიზმარივით დაიწყო და ამას დასაბამი გიორგი მამარდაშვილის სამმაგმა მოგერიებამ დაუდო. „ვალენსია” დომინანტ მასპინძელთა პირველი შეტევების წინააღმდეგ მეკარეს ეყრდნობოდა…
…თამაშის სცენარის თანახმად მეტოქისთვის მომდევნო ძლიერი დარტყმა „ვილიარეალს” უნდა მიეყენებინა და „ყვითლებმა” ეს გააკეთეს კიდეც. კოკელინმა გრძელი პასი შეასრულა, რომელიც საეჭვო პენალტით დასრულდა, თითქოს გაიამ ტრაორე წააქცია. მარსელინომ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა იზეიმა, მაგრამ ადრე მოუვიდა. მას დაავიწყდა, რომ „ვალენსიას” კარში ქართველი ბიჭი იდგა, რომელიც ბევრი მილიონი ევრო ღირს. ამ ბიჭმა „ყვითელი თავდამსხმელის” პენალტი დაუნდობლად მოიგერია. დაამტკიცა, ვინ არის იერარქიით მთავარი. დიდი…
…(მეორე ტაიმში, სტუმრების შეტევიდან) ორი წუთიც არ იყო გასული, როდესაც მამარდაშვილმა თავისი კოლეგის კარგ თამაშს ორმაგი მოგერიებით უპასუხა. ის დაუმარცხებელი ჩანდა, მაგრამ ასეთი რამ დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. კუთხურიდან ქართველის მორიგი მოგერიების შემდეგ კუენკამ თავურით გოლი შეაგდო და „ყვითლები” დააწინაურა.
plazadeportiva: მიმოხილვაში სათაურით „მამარდაშვილი ყველაფერს ვერ გააკეთებს” პორტალი წერს: ქართველი ბურთის მოგერიებისას რეაქტიული იყო და „ვალენსიას” მარცხში ბრალი საერთოდ არ მიუძღვის. პირველ ტაიმში ბაენას პენალტი აუღო.





