საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის მეორე შეხვედრა თბილისში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13 ქულით დამარცხდა – 63:76.

ეს იყო მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მოგების შემდეგ სერბეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ევრობასკეტის ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მას ჯგუფში სერბეთის ან დანიის გადასწრება სჭირდება. მეოთხე გუნდი, ფინეთი, მასპინძელია და ფინალში გასვლა გარანტირებული აქვს.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა, ჩვენი ნაკრების ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელს, ჯო ტომასონს 13 ქულა ჰქონდა. სერბეთის ნაკრებში კი 16 ქულით გუდურიჩი გამოირჩა.

სერბეთთან მატჩით სანაკრებო კარიერა დაასრულა საქართველოს ნაკრების გამათამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ – კარიერა კი მართლაც შთაბეჭდავი გამოვიდა – თითქმის 20 წლის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 217 მატჩი ჩაატარა. სერბეთთან ცინცაძემ 6 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.

ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდა – ფინეთმა შინ დანია დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ თითო მოგება აქვთ ფინეთს და დანიას, სერბეთი კი ორი გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 21 ნოემბერს სტუმრად ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩის შემდეგ

ალექსანდარ ჯიკიჩი: “ამ მატჩში კარგი მომენტებიც გვქონდა. ბიჭები მონდომებულები იყვნენ, თუმცა ზოგიერთი კალათბურთელის კონცენტრაცია ძალიან არ მომეწონა. მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია. პირადად მე არ დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არის… სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება.

წინა მატჩში, დანიასთან ბოლო მეოთხედში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და ასეთი საკუთარ კარიერაში არ მახსენდება. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოლო პერიოდში 2-ქულიანი არ გვისვრია. ახლა კი გაცილებით უკეთეს გუნდთან, ბევრად კარგად ვითამაშეთ.”