ხვიჩა კვარაცხელიამ ესპანეთსაც გაუტანა. კვარა აღარ ჩერდება! — წერს იტალიური პრესა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელმა ევრო 2024-ის ბოლო ორ შესარჩევ შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო.
სტატისტიკა: კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 28 შეხვედრა ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი ჩააწოდა. 22 წლის ფეხბურთელისთვის ფანტასტიკური შედეგია.
„კორიერე დელო სპორტს” კვარას მორიგმა გოლმა იდეები გაუღვივა. „კვარა, მორიგი ჯადოქრობა, რომელიც მაცარის ეძღვნება. ხვიჩამ ესპანეთსაც გაუტანა. ის „ნაპოლისთვის” მზად არის”.
spazionapoli: „ნომერი 77 თავისი ქვეყნის სიმბოლოა. კავშირი ქალაქ ნეაპოლსა და „ლაჟვარდოვანთა” ფავორიტის სამშობლოს შორის დროთა განმავლობაში სულ მეტად და მეტად მტკიცდება”.
და თავისი სიტყვების დასამტკიცებლად პორტალს მოაქვს ფოტო, რომელზეც ასახულია ქართველ გულშემატკივართა ზეიმი ვალიადოლიდის „ესტადიო ხოსე სორელიას” ტრიბუნაზე კვარაცხელიას მიერ მე-10 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ, სადაც „ნაპოლის” ლურჯი მაისურაა გაშლილი.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივართა ტრიბუნაზე „პარტენოპეელთა” მაისურის გამოჩენა სხვა ნეაპოლურმა საიტებმაც აღნიშნეს. ზოგმა ამას სურპრიზი უწოდა.
ilnapolista: „აზრი არ აქვს იმის თქმას, თუ ვინ გაათანაბრებდა ანგარიშს ესპანეთის ნაკრებთან. ქართველის მრავალმხრივი უნარების აღსაწერად ზედსართავი სახელები აღარ ყოფნის”.
tuttonapoli კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის სიტყვებზე ამახვილებს ყურადღებას.
„კვარა ტოპ-გუნდში, „ნაპოლიში” თამაშობს, მაგრამ მისი შეძენით დაინტერესებულები არიან გიგანტები: „ბარსელონა”, „რეალი” და „ბაიერნი”. ასეთ კლუბებში თამაში ყველასთვის ოცნებაა. ნებისმიერ ფეხბურთელს სურს, ამგვარი დიდი კლუბის ფორმა ეცვას და ტიტულებს იგებდეს”.





