ნაკრებს მიღმა დარჩენილმა ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი ძალიან წარმატებულად დაიწყეს. კერძოდ, ცუდი არასასურველი სპორტული ფორმის მიზეზით მსოფლიო თასზე წამსვლელთა შორის ვერმოხვედრილმა ვანო კარკაძემ „მონპელიეში“ თავის სადებიუტო მატჩში ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ლა როშელი“ დაალელოვა, ხოლო ნაკრებს მიღმა მესამეხაზელებში უდიდესი კონკურენციის პირობებში მიღმა დარჩენილმა ბექა შვანგირაძემ თავისი „ორიაკის“ პირველი სეზონური ლელო გაიტანა და გუნდის მიერ „რუანის“ ძლევაში უმნიშვნელოვანესი წვლილი დაიდო.
ტოპ 14
„მონპელიესა“ და „ ლა როშელის“ შეხვედრა სასტარტო ტურს ასრულებდა და ამ მატჩის ცალკე გამოტანამ აშკარად გაამართლა. ძალიან სანახაობრივი თამაში შარშანდელმა ჩემპიონმა 26:15 მოიგო და 43-ე წუთზე შეცვლაზე ახალშესულმა კვაჭმა ვანო კარკაძემ რაქიდან ბურთი აიტაცა და ლელოში შევარდა. დაცვამ დააგვიანა და ქუთაისელმა მორაგბემ „მონპელიეში“ დებიუტი ლელოთი აღნიშნა. ამასთან, ეს იყო კარკაძის მე-3 ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 33-ე მატჩში. ისიც უნდა ითქვას, რომ „ლა როშელის“ სასტარტოში ალექსანდრე ქუნთელია იყო, რომელიც ასევე ნაკრებს მიღმა დარჩა. სანდრომ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე კი შეასრულა, მაგრამ გუნდს ვერ უშველა.
„პერპინიანმა“ შინ „სად ფრანსესთან“ 7:29 წააგო. კატალონიელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, რომელიც ჯერ 52-ე წუთზე შეცვალეს, 72-ეზე კი დაშავებული თანაგუნდელის ნაცვლად დააბრუნეს. პარიზელთა სასტარტოში კი ერთბაშად ორი ჩვენებური იყო – ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე. პირველმა მხოლოდ 29 წუთი ითამაშა, ვიდრე ნაკრებს მიღმა დარჩენილმა კიდევ ერთმა ახალგაზრდამ – სერგო აბრამიშვილმა შეცვალა. მელიქიძე კი უფრო ადრე – მე-20 წუთზე შეცვალეს, მაგრამ 47-ეზე დააბრუნეს და ბოლომდეც ათამაშეს.
ლიგაში დაბრუნებულმა „ოიონაქსმა“ შინ „კლერმონს“ აჯობა – 36:17. „ვულკანებს“ შორის ბოლო 15 წუთი გიორგი ძმანაშვილმა ითამაშა.
„კასტრმა“ „პოს“ დიდი გაჭირვებით მოუგო და სანუგეშო ბონუსიც ააღებინა – 24:23. კასტრელთა შორის ტრადიციულად ბოლო ნახევარი საათი ლევან ჩილაჩავამ ითამაშა.
„ლიონმა“ შინ „ტულონს“ 27:15, თანაც ბონუსით მოუგო. ბექა გიგაშვილის არყოფნაში ტულონელთა მარქაფაში დავით მჭედლიძე გამოჩნდა, რომელიც შეცვლაზე 46-ე წუთზე შევიდა, მაგრამ 75-ეზე, ზედიზედ 2 ლელოს გაშევბის შემდეგ, კვლავ სამარქაფო სკამზე დააბრუნეს.
პრო დ2
კიდევ ერთმა ქუთაისელმა, ბექა შვანგირაძემ თავისი ფრანგული კარიერის მე-18 მატჩში მე-4 ლელო მიითვვალა. ახალგაზრდა მესამეხაზელმა, კარკაძესავით, ბურთი რაქიდან გამოიტანა და ლელოში შევარდა, ოღონდ თუ ვანოს შემთხვევაში დაცვამ დააგვიანა, ბექამ მხრებით ლელოში ორი რუანელი მეტოქეც შეათრია. „ორიაკმა“ „რუანს“ ბონუსით, 31:7 მოუგო და მის შემადგენლობაში შვანგირაძის გარდა კიდევ გიორგი ქართველიშვილი და დებიუტანტი ბასა ხონელიძე იყვნენ, ვის ნაცვლადაც ბოლო 18 წუთი კიდევ ერთმა ახალბედამ – ირაკლი მჭედლიძემ ითამაშა, ვისი ამპლუაც არა კვაჭია, არამედ ბურჯი. სტუმრებში დებიუიტი გამოცდილ სოსო ბეკოშვილს ჰქონდა.
„ბეზიემ“ შინ, გიორგი ახალაძის ნახევარსაათიანი დახმარებით „ანგულემს“ 20:19 სძლია და სტუმარს ბონუსი გაატანა.
„გრენობლმა“ გასული რეგულარული სეზონის ჩემპიონ „მონ-დე-მარსანს“ ასევე დაუთმო ბონუსი, თუმცა 30:25 კი მოუგო. ლუკა გოგინავამ ალპელთა შორის პირველი ტაიმი ითამაშა.
სხვადასვა ნაკრებში, მათ შორის ჩვენსაში უხვად დელეგირებული ხალხით დასუსტებულმა „ნევერმა“ ვანში ვერაფერი გააწყო და 20:30 წააგო. ერთადერთი ილია კაიკაციშვილი იყო, ვინც ქართველთაგან ითამაშა, ისიც – 52-ე წუთიდან 79-ემდე, ვიდრე ტრავმას მიიღებდა.
დაბოლოს, „მონტობანმა“ ლიგაში დაბრუნებულ „ვალანს რომანს“ ბონუსით მოუგო – 20:3. მასპინძელთა სასტარტოში მირიან ბურდული იყო, ვინც 50-ეზე შეცვალეს, ხოლო სტუმართა 8 ნომრად შეუცვლელად ითამაშა იოანე იაშაღაშვილმა.