მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დი ლაურენტისმა მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნა, ერთი თვე გავიდა. და აი, დიმაროში გუნდთან ერთად სეზონისწინა შეკრებაზე ჩასულმა ფრანგმა პრეს კონფერენცია მოაწყო.

დიმაროს შესახებ: დიმაროში ყველაფერი შესანიშნავია. საფრანგეთში ასეთი „ნაპოლის სოფლის” მსგავსი ადგილები არ არსებობს. აქ უამრავი ბავშვი ვნახე, რომლებიც მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები და ლურჯები ეცვათ. ვარჯიშს იმდენი ადამიანი ესწრებოდა, თავი „მარადონაზე” მეგონა. მიხარია, რომ ისევ აღმოვჩნდი ატმოსფეროში, რომელიც მხოლოდ იტალიაში იგრძნობა. ამაში სხვა ევროპულმა ქვეყნებმა იტალიელებს უნდა მიბაძონ.

Imageმიღება: დროა გულთბილი მიღებისთვის ყველას მადლობა გადავუხადო. მე ვნახე ბედნიერი, ენთუზიასტი გულშემატკივრები. ვნახე ბევრი ღიმილი. 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგება ფანტასტიკურია. ქომაგები ამაყობენ და მათ მართლაც საამაყოდ აქვთ საქმე. ერთხელაც ვულოცავ ყველას, ვინც ამ დიდ წარმატებას მიაღწია, უპირველეს ყოვლისა კი ლუჩანო სპალეტის. დიდი მადლობა სპალეტის გულთბილი სიტყვებისთვის, როდესაც მე „ნაპოლიში” მშვიდად მუშაობა მისურვა.

Eljif Elmas of SSC Napoli controls the ball during the Serie A match between Udinese Calcio and SSC Napoli at Dacia Arena on May 4, 2023 in Udine,...ახალგაზრდები, ტრანსფერები და მაქსიმ ლოპესი: მე და პრეზიდენტი დე ლაურენტისი ერთმანეთს შევხვდით, ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ შარშანდელივით ძლიერი გუნდი გვჭირდება. ვიცი, რომ კიმი აღარ გვეყოლება, მაგრამ მსურს სხვა ყველა შევინარჩუნოთ. ამის შემდეგ კი გადავხედავთ პოზიციებს და ვნახავთ, შეიძლება თუ არა ხარისხის ამაღლების მიზნით თითოეულ ამპლუაში ორი ფეხბურთელი გვყავდეს. როგორც ნახეთ, შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჩამოვიყვანე, რომელთაც დავაკვირდები. დავაკვირდები აგრეთვე მათ, ვინც იჯარით სხვაგან იყვენ. მინდა ყველა ჩემი თვალით ვნახო. დარწმუნებული ვარ ამ ფეხბურთელებს შორის ერთს მაინც ვიპოვი, რომელიც „ნაპოლიში” დიდ საქმეებს დაატრიალებს. ხშირად ყოფილა, რომ უცნობ ფეხბურთელს დიდი ოსტატობა გამოუვლენია. სახელიც კი შემიძლია დავასახელო: მაქსიმ ლოპესი. მას არავინ იცნობდა, მაგრამ მოვიდა ვარჯიშზე და თავისი უნარები სრულად წარმოაჩინა. თუმცა, ის ჩვენ „ნაპოლიში” არ გვჭირდება. მისი მახასიათებლების მქონე  ფეხბურთელს არ ვეძებთ.

ოსიმენი: ოსიმენზე ბევრი ჭორი მსმენია, მაგრამ გარწმუნებთ, მას დარჩენა უნდა და ბედნიერი იქნება თუ „ნაპოლიში” გააგრძელებს თამაშს.

სრული შემადგენლობა: ნებისმიერ მწვრთნელს უნდა, რომ თავიდანვე სრულ შემადგენლობასთან იმუშაოს, მაგრამ ასე არასდროს ხდება. ჩვენ კარგი ცენტრალური მცველის საპოვნელად ჯერ დიდი დრო გვაქვს. კლუბი ამ მიმართულებით კარგა ხანია მუშაობს და რიგი მოსაზრებებიც გვაქვს. მართალია, სატრანსფერო ბაზარზე ასპროცენტიანი წარმატება არ არსებობს, მაგრამ მაინც გვინდა საუკეთესო ნაბიჯი გადავდგათ. რაც შეეხება ჩვენს ხელთ ამჟამად არსებულ შემადგენლობას, მართალია ჩემს განკარგულებაში ჯერ ყველა არ არის, მაგრამ ვისაც შევხვდი, ყურადღებითაა და მოტივირებულია. დღეს, როდესაც ათი ათზე ვითამაშეთ, ვნახე ბევრი ორთაბრძოლა, კარგი სისწრაფე. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ფეხბურთელები მოწადინებულები არიან. ჩვენს გუნდში არის ახალგაზრდობა, რომელსაც სურს თავისი ნიჭი დამანახოს. მოუთმენლად ველი სხვა მოთამაშეებს.

ოსიმენი და კვარა: რასაკვირველია, არიან ფეხბურთელები, რომლებმაც სხვებზე მეტად გამოიჩინეს თავი. ეს ის ხალხია, ვინც პასებს აწვდის და გოლები გააქვს, მაგრამ ამისათვის ბურთი საჭირო ადგილამდე უნდა მივიტანოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ინდივიდუმებზე ლაპარაკს კოლექტივზე ლაპარაკი მირჩევნია. ვიმედოვნებ, რომ ეს წყვილი, განსაკუთრებით კი კვარა, კვლავ ითამაშებს მნიშვნელოვან როლს. ჩემთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ვცდილობ ყველა ერთნაირად შევაფასო.

მუშაობის მეთოდი: ვარჯიში დიდი ინტენსივობით არის საჭირო. ვინც ახლა კარგად მოემზადება, სეზონსაც კარგად ჩაატარებს. გუნდს რომელიც ევროთასებზე გამოდის, სექტემბრის სანაკრებო წყვეტის შემდეგ ყოველ სამ დღეში ერთხელ უწევს თამაში. მე მინდა ფეხბურთელები ვამუშაო ბურთის ფლობაზე, მაღალ პრესინგზე, ბურთის დაკარგვისთანავე მის დასაბრუნებლად აგრესიულ ბრძოლაზე. ისინი ამ ხერხებს გასულ სეზონშიც იყენებდნენ, მაგრამ ჩვენს ვარჯიშებსა და თამაშს მხოლოდ ერთი მიმართულება არ ექნება. „ნაპოლიში” გვყავს ბიჭები, რომლებსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მე ორი-სამი ისეთი რამ შევამჩნიე, რის გამოსწორებაც შესაძლებელია….

…ნდომბელე წავიდა. ახლა ანგისას დასახმარებლად ახალი მოთამაშის მოყვანა გვჭირდება.

ჟელინსკი და ლოსანო: ისინი კონტრაქტის თანახმად 2024 წლამდე ჩვენთან უნდა დარჩნენ. ახლა კლუბი ფიქრობს, დაიტოვოს ისინი თუ გაყიდოს. ნება მომეცით, მათ ჯერ პირადად შევხვდე და დასკვნა მერე გამოვიტანო. მნიშვნელოვანია თავად ფეხბურთელების აზრიც. აუცილებლად იქნება ისეთი მოთამაშე, ვისაც წასვლა ენდომება.

რესურსი შეტევაში: სიმეონე და რასპადორი? შეტევაში ბევრი ვარიანტი გვაქვს. თავდასხმის ხაზში ასეთი მრავალფეროვნება თამაშებზე გავლენის შესაძლებლობას ბოგვცემს. რაც შეეხება რასპადორის, ჯერ მაცადეთ მასთან მუშაობა. შევხედავ და იმის მიხედვით გეტყვით, რა პოზიციას შევურჩევ მას მოედანზე.

ნაპოლის დამოკიდებულება: მინდა ეფექტური გუნდი გვყავდეს. ჩვენ ვიცით, როგორც გამოვიტანოთ ბურთი დაცვიდან და ამას რასაკვირველია გავაკეთებთ, მაგრამ თუ მნიშვნელოვან შეხვედრაში 90-ე წუთზე 1:0 დავწინაურდებით, ანგარიშის შესანარჩუნებლად დაცვაში არ ჩავიკეტებით. საჭიროა ყველა კონკრეტულ სიტუაციას სწორედ ავუღოთ ალღო. მე ლიდერები მჭირდება. ჯერ მაცადეთ, უნდა დავასკვნა დელიკატურ მომენტებში რომელ ფეხბურთელებს უნდა დავეყრდნო. მწვრთნელი გუნდზე სათადარიგოთა სკამიდან უნდა ახდენდეს გავლენას, მაგრამ მოედანზე უნდა იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციებში ითავებენ წინამძღოლის საქმეს. როდესაც გუნდი შეხვედრას შეხვედრაზე იგებს, არ ჩანს ძლიერია თუ არა. მისი ნამდვილი ძალა მაშინ გამოჩნდება, როდესაც ფრისა და წაგების შემდეგ მოეგება გონს.

სანაკრებო წყვეტები: საბედნიეროდ, სხვადასხვა ნაკრების ფეხბურთელები მხოლოდ პირველ კვირას გამოგვაკლდებიან. დრო კი მიდის. რაღაცებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. უპირველეს ყოვლისა ფიზიკური მომზადებაა მისახედი.

ელმასი: ელმასი უნივერსალური ფეხბურთელია. ის მწვრთნელისთვის დიდი საჩუქარია. მე მაკედონიელის სხვადასხვა პოზიციაზე გამოვიყენებ. ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პენალტები: შარშან „ნაპოლიმ” რამდენიმე პენალტი ვერ გაიტანა. მაშინ ერთ ჩემს აქაურ კოლეგას ველაპარაკებოდი. მან მითხრა, რომ თანამედროვე მეკარეები გაცილებით მაღალი დონისანი არიან ვიდრე ადრინდელები და ამიტომ შესაძლოა პენალტები მარტო „ნაპოლის” პრობლემა არ იყოს. მე კი მგონია, რომ მუშაობაა საჭირო. პენალტის დარტყმა ტექნიკის საკითხია. ერთადერთი, რასაც ვარჯიშზე ვერ გადმოიტან ატმოსფეროა. ვერ ივარჯიშებ გარემოში, როდესაც 50 000 მაყურებელი შენზე ზეწოლას ახდენს.

სპალეტის შემდეგ: მე ჩემპიონობა და საფრანგეთის თასი კლუბის 52 და 55 წლიანი ჩავარდნის შემდეგ მომიგია და კარგად ვიცი რას ნიშნავს გამარჯვება, როდესაც შენგან ამას არავინ ელის. შემდეგ წელიწადს კი ქვეცნობიერად მაქსიმუმი ვეღარ გავაკეთე და მესამე ადგილზე გავედით. ამიტომ, ახლავე უნდა დავიწყო ფეხბურთელების ფსიქოლოგიური დამუშავება. სკუდეტოს მოგებით მათ უკვე დაამტკიცეს, რომ დიდი მოთამაშეები არიან და ახლა მე მათ მიღწეული დონის შენარჩუნებაში უნდა დავეხმარო. ფეხბურთელების ნაწილს ამის შესახებ უკვე ველაპარაკე, მაგრამ როდესაც ლეგიონერებიც ჩამოვლენ, იმავეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვიცი, რა დონეზეც შეუძლიათ ამ ბიჭებს თამაში. მათ თამასა მაღლა ასწიეს და მე მათგან მიღწეულ სიმაღლეზე დარჩენას ველი. თუ შევატყობ, რომ მათი დონე ეცემა, ქვემოთ დავხვდები და ვუბიძგებ, რომ მაღლა უნდა დაბრუნდნენ.