ევროპა შიდა ფრანგული რაგბის ამარაა დარჩენილი, რადგან ყველა დანარჩენი ძლიერი ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. თან გასულ უქმეებზე იგივე საფრანგეთში მხოლოდ 3 მატჩი გაიმართა, მაგრამ სამივე მათგანს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
ტოპ 14
საფრანგეთისა და ევროპის უძლიერეს ლიგაში შესარჩევი ნახევარფინალი შედგა და გაირკვა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გურამ გოგიჩაშვილი და ლექსო ყაულაშვილი გააგრძელებენ, ხოლო „სტად ფრანსეს“ და „ლიონის“ ქართველთათვის სეზონი დასრულებულია.
პრიზის „სტად ბოდუენზე“ დედაქალაქური დერბი შედგა, რომელშიც ნომინალური მასპინძელი „სტად ფრანსე“ „რასინგ-92“-თან 20:33 დამარცხდა, რაც ნათელი მატჩის უკვე მე-5 წუთზე გახდა. უხეშობით ცნობილმა არგენტინელმა მეორეხაზელმა მარკო კრემერმა თავისი მორიგი წითელი ბარათი მიიღო და გუნდი მარცხისთვის გაწირა. „სად ფრანსეს“ მარქაფაში ვეტერანი ვასილ კაკოვინი იყო, ვინც თამაშში 61-ე წუთზე ჩართეს, ხოლო „რასინგ-92“-ის სასტარტოში გურამ გოგიჩაშვილმა 47-ე წუთამდე ითამაშა და 68-ეზე ტრავმირებული თანაამპლუელის ნაცვლად მინდორზე დაბრუნდა. 9 ივნისს „რასინგ-92“ გასვლით მატჩში „ტულუზს“ დაუპირისპირდება და ფინალში გასასვლელად შეერკინება.
ლიონის „მატმუტ-ჟერლანზე“ კი მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა. „ლიონი“ მე-11 წუთიდან 67-ემდე ამარცხებდა „ბორდოს“, მაგრამ სტუმრებმა სასწაული ჩაიდინეს და მეტოქეს გამარჯვება თითქმის უიმედო სიტუაციაში გამოგლიჯეს ხელიდან.
ბექა საღინაძე ლიონელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაში ბოლოსწინა წუთზეღა დატოვა, ხოლო ლექსო ყაულაშვილი ბორდოელთა შორის 45-ეზე ლექსო ყაულაშვილი გამოჩნდა, რომელიც 64-ე წუთზე გაასინბინეს, თან ამ დროს გუნდებს თითო მოთამაშე უკვე აკლდა. ჰოდა, ამ ვითარებაში 13-კაციანმა „ბორდომ“ 14-კაციან „ლიონს“ ლელო დაუდო, გაათანაბრა და დაწინაურდა კიდეც. საბოლოოდ – 25:32 და ყაულაშვილის გუნდი 10 ივნისს ნახევარფინალში „ლა როშელს“ სტუმრად შეხვდება.
პრო დ2 – ტოპ 14
„პერპინიანი“ ზედიზედ მეორე წელია ტოპ 14-ის რეგულარულ სეზონს ბოლოსწინა ადგილზე ამთავრებს, მაგრამ პრო დ2-ის პლეი-ოფის დამარცხებულ ფინალისტს გადასასვლელ მატჩს ასევე მიჯრით მეორედ უგებს.
გრენიბლის „სტად დეზ ალპზე“ ორი განსვავებული ტაიმი შედგა. პირველში „გრენობლმა“ 16:6 იმარჯვა, ხოლო მეორეში „პეპინიანმა“ მასპინძლებს უბრალოდ გადაუარა – 27:3 კატალონიელთა სასარგებლოდ. ჯამში მივიჭეთ 19:33 და „გრენობლი“ პრო დ2-ში დარჩა, ხოლო „პერპინიანი“ – ტოპ 14-ში.
ალპელთა სასტარტოში ირაკლი აფციაური იყო, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა და გუნდს ბოლო 6 წუთშიც დაეხმარა. ლუკა გოგინავა მარქაფიდან მატჩში 48-ე წუთიდან ჩაერთო. კატალონიურ კლუბში კი პირველიდან 50 წუთამდე გიორგი თეთრაშვილმა ითამაშა.





