Quién es Gabriel Vega, la sorpresa de Battaglia en Boca para la Copa  Argentina - TyC Sports
გაბრიელ ვეგა

სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა და ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ნაპოლის” ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის შესახებ „სკაი სპორტის” ეთერში, გადაცემა Calciomercato – L’Originale-ში ილაპარაკა. როგორც საქმეში გარკვეულმა სპეციალისტმა თქვა, თავდამსხმელის გარშემო დიდი ფუსფუსია ატეხილი, რასაც დაშოშმინება სჭირდება და სწორედ ამიტომ შეხვდებიან ამ კვირაში ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა და „პარტენოპეელთა” მეპატრონე აურელიო დი ლაურენტისი. სავარაუდოდ საკითხის მოგვარებას ერთი შეხვედრა არ ეყოფა.

„ნაპოლის” პოზიცია ასეთია: დე ლაურენტისი ყოვლემხრივ შეეცდება, რომ ოსიმენი დაიტოვოს, მაგრამ აშკარაა — თუ ლაპარაკი 100 მილიონ ევროზე მნიშვნელოვნად დიდ თანხას შეეხება, ის შეთავაზებას მოისმენს. 120-130 მილიონი ევროს ფარგლებში „აძურის” მეპატრონე ნიგერიელის გაყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდება. დი მარციომ თქვა, რომ ოსიმენის შეძენით დაინტერესებულები არიან  „პარი სენ ჟერმენი”, „ჩელსი” და „მანჩესტერ იუნაიტედი”.

რაც შეეხება დაცვას, აქ საქმე ასეა: ნორვეგიელი ცენტრალური მცველის ლეო ოსტიგორის შეძენა „მონცას” სდომებია. კორეელი კიმ მინ-ჯაეს ყიდვა კი პრემიერლიგელებს „მანჩესტერ იუნაიტედს”, „ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და „ნიუკასლ იუნაიტედს” სურთ. ინგლისური კლუბები მასში 50-დან 70 მილიონ ევრომდე იხდიან.

„ნაპოლი” შესაძლო შემცვლელების მოძიებაზე მუშაობს. სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის ცნობით იტალიის ჩემპიონს მოსწონს 25 წლის სლოვაკი დავიდ ჰანკო, რომელიც „ფეიენოორდში” გამოდის და „ფიორენტინას” სერბი მოთამაშე, ჰანკოს თანატოლი ნიკოლა მილენკოვიჩი.

ნახევარდაცვაში კი პოლონელი პიოტრ ჟელინსკის მომავალია გასარკვევი. თუ ის „სტადიო მარადონადან” წავა, „აძურიმ” შეიძლება „ბოკა ხუნიორსისგან” 2002 წელს დაბადებული გაბრიელ ვეგას ყიდვა სცადოს. ვეგას გარშემო ბოლო დროს დიდი ხმაურია ატეხილი. ამბობენ, რომ მისი შეძენა „მანჩესტერ სიტისაც” კი უნდა. „ბოკა” მხოლოდ 40 მილიონზე მეტ შემოთავაზებებს განიხილავს.