იტალიის ფედერალურმა სასამართლომ ტურინის „იუვენტუსს“ ათი ქულა ჩამოაკლო.
სასამართლომ კაპიტალის მოგების გაზრდის მიზნით ფინანსური მაქინაციებისთვის დამნაშავედ სცნო ასევე კლუბის მენეჯმენტიც.
სასამართლო სხდომა 22 მაისს რომში გაიმართა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ჯუზეპე ჩინე ტურინელებისთვის 11 ქულის ჩამოკლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებით „იუვეს“ 10 ქულა დააკლდა და სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
თეორიულად, „იუვენტუსს“ კვლავ შეუძლია კიდევ ერთი აპელაციის შეტანა, მაგრამ საქმის მოგების შანსი ძალიან მცირეა. რაც შეეხება პერსონალურ სასჯელებს, ერთადერთი, ვინც საბოლოოდ სანქცია თავიდან აიცილა, კლუბის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედია.






