„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოსნური გოლითა და ამირ რაჰმანის შესანიშნავი თავურით „ატალანტა” დაამარცხა — 2:0, „კორიერე დელო სპორტმა” კი ტრადიციულად მატჩის საუკეთესო და ფეხბურთელები დაასახელა. საერთოდ, რომაული გაზეთი ეგრეთწოდებულ „ტოპებს” და „ფლოპებს” ასახელებს, მაგრამ მან ამჯერად მიიჩნია, რომ ნეაპოლელთა გუნდში იმედი არავის გაუცრუებია. ერთადერთი, შესაძლოა ვიქტორ ოსიმენს თავად გაუცრუვდა იმედი გოლი რომ ვერ გაიტანა.
კვარაცხელია და ფიზიკის კანონები: 8
ერთი წუთით თავი დავანებოთ იმ სიგიჟესა და დარტყმას, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. შეხვედრაში იყო სხვა რამ, რაც ფიზიკოსებმა უნდა შეისწავლონ. ჩვენ ახლა შეუძლებელზე ვამახვილებთ ყურადღებას: მხედველობაში გვაქვს ის, თუ როგორ მოძრაობს ბურთი ამ მოთამაშის ფეხებს შორის. კვარაცხელიას ფენომენალურობის ერთ-ერთი საიდუმლო ის არის, რომ ბურთი მის ბუცებს არასდროს შორდება და ეს საშუალებას აძლევს აკეთოს, რაც უნდა: აჩქარდეს, გადაიხაროს, მიმართულება შეცვალოს, მცველები კი ამ დროს სფერულ საგანს ვერ პოულობენ. თუკი მეცნიერები ამას ახსნას მოუძებნიან, შეგვატყობინებენ, მაგრამ ჯობს როგორც ახლაა ისე დარჩეს: ერქვას ჯადოქრობა და გაურკვევლობა.
კიმი+რაჰმანი ოცნებებს ანადგურებენ: 7.5
ისინი წინასწარ ხვდებიან ყველაფერს, რის მიხვედრაც შეიძლება. ნაქებმა 20 წლის დანიელმა თავდამსხმელმა რასმუს ჰოილუნდმა ბურთი საერთოდ ვერ იხელთა. დუვან საპატა ჟანგბადის მოსაძიებლად უკან იხევდა, მაგრამ უშედეგოდ — აქ მას გამანადგურებლად ზამბო ანგისა მოევლინა. ორიოდ აჩქარება მხოლოდ შეცვლაზე შესულმა ლუის მურიელმა მოახერხა, მაგრამ ეს მინიმუმი იყო. ამასაც მხოლოდ იმიტომ ვიხსენებთ, რომ „ნაპოლისადმი” მიკერძოება არ დაგვწამონ. პლუს, რაჰმანიმ გოლიც გაიტანა, რითაც კიდევ ერთი სამკერდე ნიშანი დაიმაგრა. ამ შეხვედრაში ნეაპოლელთა პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ კიმმა მოედანი დალილავებულმა დატოვა.
პოლიტანოს წყურვილი და ჟინი: 7
პოლიტანომ მოედანი ტრიბუნების აპლოდისმენტის თანხლებით დატოვა. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეტოქის მცველებმა ერთხელაც კი ვერ შეძლეს მისი გაჩერება, არამედ იმიტომაც, რომ რამდენიმე ეპიზოდში გამოცდილი განაპირა მცველივით ითამაშა. ის იყო მოუსვენარი, სხარტი და მოწადინებული. პირველ ტაიმში, როდესაც „ნაპოლი” თავისუფალ სივრცეებს ვერ პოულობდა, ის თავდასხმას ძალიან ეხმარებოდა.