დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ბილბაოში თამაშობს. შეხვედრის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე, „ღამურების” მწვრთნელს ჯენარო გატუზოს მოახლოებული თამაშის შესახებ დაუსვეს რამდენიმე კითხვა. ჟურნალისტებს უპირველეს ყოვლისა დაშავებული ფეხბურთელების ამბავი აინტერესებდათ.

„პაულისტამ ბოლო დღეებში ივარჯიშა. თამაშის წინ ერთხელაც დაველაპარაკები და ვკითხავ, როგორ გრძნობს თავს. ამწუთას არ ვიცი შეძლებს თუ არა თავიდანვე თამაშს. რაც შეეხება მარკოს ანდრეს, მან ერთი დღე გამოსტოვა, მეორე დღეს კი ივარჯიშა და ბილბაოში ჩვენთან ერთად მოემგზავრება”.

კითხვაზე, თუ როგორ ემზადება „ვალენსია” ბასკებთან თამაშისთვის იტალიელმა უპასუხა:

„ხვალ აგრესიული გუნდის წინააღმდეგ, სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს თამაში. შეხვედრა რასაკვირველია რთული იქნება, მაგრამ ჩვენთვის არაფერი იცვლება. განსაკუთრებული ყურადღება მეტოქის თავდამსხმელების სისწრაფეზე უნდა გავამახვილოთ. ის რომ ჩვენ თავად ვცდილობთ მიწოლას სახიფათო არ არის, რადგან შეიძლება დაცვაში ორი ხუთკაციანი ხაზით დადგე, მაგრამ „ბილბაოს” სწრაფმა თავდამსხმელებმა” მაინც გიპოვონ ნაპრალები.

მოედანზე გამოჩნდება რას აპირებს „ბილბაო”. შეიძლება მაღალი პრესინგი დაგვიწესოს ან პირიქით, უკან დაიხიოს, გვათამაშოს და ჩვენი კონტრშეტევაზე გამოჭერა სცადოს.”

შემდეგ გატუზომ თქვა, რომ 4-3-3 მისი პრიორიტეტული სქემაა და განურჩევლად იმისა გუნდი შინ თამაშობს თუ სტუმრად, ის მას უერთგულებს.

— სატრანსფერო ბაზარი მალე დაიხურება. ხომ არ ნერვიულობთ? — ჰკითხეს „ჩეების” მწვრთნელს.

„ერთადერთი, რისაც მეშინია არის სიკვდილი, — უპასუხა იტალიელმა, — ახლა ექიმებმა რომ მითხრან 5 თვის სიცოცხლე დაგრჩენიაო, ვინერვიულებ. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ის ძალიან მიყვარს და სანერვიულო არაფერი მაქვს”.

შემდეგ გატუზომ დასძინა, რომ 2-3 ფეხბურთელის დამატება კარგი იქნებოდა.

მამარდაშვილზე მწვრთნელს არაფერი უთქვამს. სავარაუდოდ ის დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება.