კვირას, 18 საათზე „ავჭალაზე“ დიდი რაგბია – პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“ „ევროპის რაგბის“ სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლებს.
შეხსენებისთვის, „შავი ლომის“ ნაწილი სამხრეთ აფრიკაში ქარის თასში მონაწილეობდა, ხოლო გუნდის ბორჯღალოსანი ნაწილი სანაკრებო მატჩების შემდეგ თბილისში სწორედ 17 აპრილის მატჩისთვის ემზადებოდა. ერთი კვირის წინ ორი ნაწილი ერთ გუნდად იქცა, ერთადაც მოემზადნენ და ბოლოს ლევან მაისაშვილმა საოცარი გუნდი შეკრა. თავად განსაჯეთ – 15 სასტარტოდან 13 ბორჯღალოსანია, ორი დარჩენილიდან ერთ-ერთს – ნიკა აბულაძეს სანაკრებო დებიუტი ორჯერ ჩაეშალა – ერთხელ მატჩის გადადების, მეორედ კი ბოლო ვარჯიშზე ტრავმის მიღების გამო. გვარებს თუ გადავხედავთ, „იბერიანსი“ კი არა, გაცილებით მაღალი დონის ეროვნული ნაკრებიც კი ვერ დაუდგება ამ ქართველებს, მაგრამ ერთია – გვარები და მეორე – მომზადების დონე. პრინციპში, არც ამ მხრივ გვაქვს საწუწუნო – გუნდი საბრძოლო ტონუსშია – ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ქარის თასზეც იმარჯვა ორივე გამართულ მატჩში.
დანარჩენს „ავჭალაზე“ ვიხილავთ, რომელზეც მაყურებელი შეუზღუდავად დაიშვება!
დასასრულს მოგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალი ლისაბონში გაიმართება და გადამწყვეტი მატჩის ერთი მონაწილე უკვე ცნობილია – პორტუგალიურმა „ლუზიტანუშმა“ „თელ ავივ ჰითი“ 43:26 დაამარცხა.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „იბერიანსთან“ მატჩში
1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი, 9. თენგიზ პერანიძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 13. დემე თაფლაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 15. ლაშა ხმალაძე.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა ლომიძე, 23. მირიან მოდებაძე





