„მანჩესტერ იუნაიტედის“ სურვილს, ოლე გუნარ სულშერი გუნდის სათავეში სეზონის ბოლომდე დატოვოს, პირველი დარტყმა „ლივერპულთან“ 0:5 დამარცხებამ მიაყენა, მანჩესტერულ დერბიში ნაწვნევმა 0:2-მა კი ნორვეგიელი მწვრთნელის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სტატისტიკა მეტყველებს, რომ „იუნაიტედმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 6 წააგო.
და ეს ხდება იმ სეზონში, როდესაც კლუბმა 135,6 მილიონ გირვანქად ჯეიდონ სანჩო, რაფაელ ვარანი და თვით კრიშტიანუ რონალდუ იყიდა, ხოლო გულშემატკივარი ტიტულისთვის ბრძოლას ელოდა.
მანკუნიანელთა დირექტორატი აქამდე სულშერს მხარს უჭერდა, რადგან მიაჩნდა, რომ ლეგენდარული თაობის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი „იუნაიტედის“ ისტორიულ ფასეულობებს კარგად იცნობს და ლუის ვან გაალისა და ჟოზე მოურინიუს შემდეგ გუნდს ძველ რელსებზე დააბრუნებდა.
ძმებს, ჯოელ და ავრამ გლეიზერებს, აგრეთვე ვიცე-თავმჯდომარე ედ ვუდვორდს რასაკვირველია, ურჩევნიათ სულშერი თანამდებობაზე ზაფხულამდე რომ დატოვონ. ნორვეგიელს ზაფხულში „იუნაიტედის“ სათავეში ყოფნის სამი წელიწადი და ექვსი თვე შეუსრულდება და ერთგვარი რეზიუმესთვის შესაფერისი დროც დადგება. თუ მწვრთნელი შესაცვლელი გახდება, იმას მაინც ვერავინ იტყვის, ხელმძღვანელობამ ახალი თავკაცი ნაჩქარევად შეარჩიაო.
ორი კვირის წინ გავრცელდა ხმა, თითქოს გლეიზერები სულშერს გაუშვებდნენ და მის ადგილზე ანტონიო კონტეს მიიყვანდენ, მაგრამ „იუნაიტედის“ თანათავმჯდომარეებმა შორს დაიჭირეს, კონტე კი, როგორც ვნახეთ, „ტოტენჰემს“ ჩაუდგა სათავეში.
კვირა საღამოს, „იუნაიტედთან“ და „ლესტერ სიტის“ მწვრთნელ ბრენდენ როჯერსთან დაახლოებული ხალხი ჩურჩულებდა, რომ ვუდვორდმა ახლა უკვე როჯერსს დაურეკა.
ახლა სანაკრებო კვირეული იწყება. მისი დამთავრების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ პრემიერლიგაში სათამაშო აქვს „უოტფორდთან“, „ჩელსისთან“, „არსენალთან“ და „კრისტალ პალასთან“, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „ვილიარეალთან“ და „იანგ ბოიზთან“. მანჩესტერელებს ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფიდან გასვლა ჯერ გარანტირებული არ აქვთ.
გუნდი, რომელიც სეზონის წინ, შოტლანდიურ შეკრებაზე ასეთი ერთსულოვანი ჩანდა და ტიტულის მოგებას აპირებდა, როგორც ჩანს ახლა გახლეჩილია. ბრუნო ფერნანდეში არ მალავს, რომ მატჩების წინ სულშერისგან მკაფიო დავალებებს ვერ იღებს. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩივიან, რომ ნორვეგიელის შტაბში ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომლებიც პროფესიას ახლა, მათთან მუშაობაში ეუფლებიან.
„ლივერპულთან“ გამანადგურებელი წაგების შემდეგ, სულშერმა სქემა შეცვალა, 3-4-1-2-ზე გადასვლა სცადა, რაც „იუნაიტედის“ ბანაკში არ მოეწონათ, რადგან შემტევი ფეხბურთის ტრადიციებისგან გადახვევად მიიჩნიეს.
გასულ ტურში, პეპ გვარდიოლამაც მყისიერად აუღო სულშერის ახალ განლაგებას ალღო — ფილ ფოდენმა და გაბრიელ ჟესუსმა მეტოქის დაცვა ფლანგებიდან ააწიოკეს და ნორვეგიელს შესვენებაზევე მოუხდა მეოთხე მცველის დამატება.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მან კარგად იცოდა, რომ იმ 12 წლის განმავლობაში, რაც სხვაგან თამაშობდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძველებური გუნდი ვეღარ იყო მაგრამ, როგორც ამბობენ, ასეთ დაბალ დონეს არ ელოდა. პორტუგალიელი აშკარად კარგავს მოთმინებას. წყობიდან გამოსულმა „ლივერპულთან“ კერტის ჯონსთან იუხეშა და წითელ ბარათს საოცრად გადაურჩა, „სიტისთან“ შეხვედრის ბოლოს კი კევინ დე ბრუინს ეძგერა.
ჰარი მაგუაირი საკუთარი თავის ჩრდილიღაა. ლუკ შოუც თითქოს შეცვალეს. დონი ვან დე ბეეკს სულშერი არ წყალობს. მწვრთნელს ჯესი ლინგარდიც ამოჩემებული ჰყავს, ხოლო რაც შეეხება ჯეიდონ სანჩოს, ის „დორტმუნდისგან“ 73 მილიონ გირვანქად სულ სამი თვის ნაყიდია, მაგრამ უკვე ამბობენ, რომ მისი განვითარება შეჩერდა.
ფანებს ვერ გაუგიათ, რატომ გადაუხადა „იუნაიტედმა“ ვან დე ბეეკში „აიაქსს“ 40 მილიონი გირვანქა, თუკი მის გამოყენებას არ აპირებდა. „სიტისთან“ შეხვედრაში, როდესაც მოხდა სასწაული და სულშერმა ჰოლანდიელი მოედანზე შეუშვა, ტრიბუნები ფეხბურთელს ხაზგასმით თბილად შეხვდნენ.





