ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი”, ზაფხულში, „ვულვზისგან”, დაახლოებით 50 მილიონ გირვაქად, პედრო ნეტუს შეძენას აპირებს. საქმე ის არის, რომ „იუნაიტედს” მარჯვენა ფრთაზე გარემარბი სჭირდება, 21 წლის პორტუგალიელი კი „ვულვზში” შესანიშნავ სეზონს ატარებს.

ბედის ირონიაა, რომ ნეტუ მანჩესტერელებს, 2016 წელს, „ქერინგტონის” ბაზაზე, გასინჯვებზე უკვე ჰყავდათ და დაიწუნეს. მაშინ 16 წლის მოთამაშე „ბრაგას” ეკუთვნოდა.

„იუნაიტედის” დაწუნებული პედრო ნეტუ 2017 წელს „ლაციომ” წაიყვანა იჯარით და სწორედ იქ დაადგა თვალი „ვულვერჰემპტონმა”, ახლა კი მანჩესტერელებიც მიხვდნენ, რომ ოდესღაც უარყოფილი ფეხბურთელი ძალიანაც სჭირდებათ — ის მათთვის ჯეიდონ სანჩოს და ჯეკ გრილიშის ალტერნატივაა.

ნეტუთი დაინტერესებული გახლავთ „მანჩესტერ სიტიც”, მაგრამ როგორც ინგლისური მას-მედია წერს, პორტუგალიელს უმალ „იუნაიტედი” იყიდის, რადგან „ქალაქელები” გრილიშს შეიძენენ.

რაც შეეხება სანჩოს, ის „დორტმუნდში” თამაშობს და მისი ფასი ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, იშოვის გერმანული გუნდი ერლინგ ჰოლანდის გაყიდვით დიდ ფულს თუ ვერა. თუ „დორტმუნდი” ჰოლანდში მიღებული სარფით დაკმაყოფილდება, მაშინ სანჩოს შეიძლება დააკლოს კიდეც ფასი.

არადა, ინგლისელი სანჩო უნიკალური ფეხბურთელია, ჯერ 20 წლისაც არ არის, ხუთშაბათს ხდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგასა და ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე იცოცხლეთ, ისეთი აქვს. მარტო ინგლისის ეროვნულ გუნდში 18 კეპი აქვს მოგროვებული.

გასულ ზაფხულს „დორტმინდმა” ჯეიდონ სანჩოს ფასად 100 მილიონი გირვანქა დაადო და ფეხი აღარ მოიცვალა.

ამბობენ, რომ ჩამოთვლილთა გარდა „მანჩესტერ იუნაიტედი” მუშტრის თვალით უყურებს „ლიდსის” გარემარბს, 24 წლის ბრაზილიელ რაფინიასა და ლისაბონის „სპორტინგის” 22 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ პედრო გონსალვისს.