High performance system offers bright future for Georgia - Coupe du Monde  de Rugby 2019 | rugbyworldcup.com
დიდი ალბათობით საქართველო რვა ერში ითამაშებს

იაპონიის რაგბის კავშირის თავკაცებმა ევროპაში „მამაცი საკურების“ გაგზავნაზე უარი საბოლოოდ თქვეს. ეს მოსალოდნელიც იყო: ჯერ ერთი, ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო იაპონიაში ჩასვლას ეროვნული გუნდის დამრიგებელი ჯეიმი ჯოზეფი ვერ ახერხებს; მეორე მიზეზი კი ისაა, რომ იაპონიაშივე გამართული მსოფლიო თასის მეოთხედფინალში წაგების მერე ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებს არათუ აღარ უთამაშია, აღარ შეკრებილა და ახლო მომავალში ამის პერსპექტივაც არ უჩანს.

ცხადია, უარს იტყოდნენ და ვინ მოიაზრება აზიელების შემცვლელად ერთჯერადად გასამართ „რვა ერის“ ტურნირში? ახალ კანდიდატურაზე აზრთა დიდი სხვადასხვაობა არც არის.

ერთი-ორ წყაროში სამხრეთ აფრიკა ამოტივტივდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონების სამშობლოში სიტუაცია იაპონიისაზე ნაკლები სულაც არ არის და, ნაკრებიც შარშანდელი ტრიუმფალური ფინალის შემდეგ ასევე არ შეკრებილა.

ჰოდა, მთავარსაც მივადექით: საქართველოს ნაკრებს მართლაც რეალური შანსი გაუჩნდა და ამაზე უკვე არა მხოლოდ ირლანდიელი, უელსელი თუ შოტლანდიელი ჟურნალისტები საუბრობენ, არამედ მათი ინგლისელი კოლეგებიც მედია-გიგანტებიდან. მეორე დღეა, BBC ამ თემას განიხილავს და რესპონდენტად ინგლისის რაგბის შეფი ბილ სუინიც მოუშველიებია, რომელმაც იაპონელთა უარი დაადასტურა და ისიც თქვა, სათადარიგო ვარიანტს განვიხილავთო, რომელიც ჟურნალისტთა მტკიცებით უთუოდ საქართველო უნდა იყოს.

Could there be an 'Eight Nations' including Fiji and Japan?
იაპონიის უარმა საქართველოს გზა გაუხსნა

არანაკლებ ავტორიტეტული „ტელეგრაფი“ უფრო შორსაც წავიდა და თბილისში ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს და თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ქვეყნის მთავრობის მხრიდან დახმარების დიდი იმედი აქვს.

მოკლედ, ჯერჯერობით ასეა, ინგლისში ქართველებს იაპონელების სავარაუდო შემცვლელებად ასახელებენ, თუმცა, დანარჩენ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, ბორჯღალოსნების მონაწილეობას უკვე დადასტურებულ ფაქტად ასახელებენ. უფრო მეტიც, შოტლანდიელები 24 ოქტომბერს ქართველოსთან ტესტ-მატჩის გაუქმებაზეც კი დაფიქრდნენ და სპარინგ-პარტნიორად სხვა ნაკრების მოწვევაზე მუშაობენო – „რვა ერში“ ერთ ჯგუფში მოხვედრილებს შორის მცირე ხნით ადრე გასახურებელი მატჩი გახურების სპეციფიკას დაკარგავს და ორმხრივი დაზვერვის ხასიათს შეიძენსო.