თამაშის წინ, რაჰიმ სტერლინგისთვის ალბათ დერეფნის გაკეთება და ტაშის დაკვრა უფრო ძნელი იყო, ვიდრე „მანჩესტერ სიტის” სხვა ფეხბურთელებისთვის. სტერლინგმა ხომ 2015 წელს, „ლივერპულიდან” გამოგდების შემდეგ თავის ყოფილ გუნდს ათ შეხვედრაში ერთხელაც ვერ გაუტანა.
„ლივერპული” და „სიტი” ბოლოს ნოემბერში, „ენფილდ როუდზე” შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ სტერლინგი „წითლების” მოთამაშეს ჯო გომესს გაექაჩა, ხოლო ზუსტად მეორე დღეს, ნაკრების ბანაკში, საყელოში სწვდა მას.
და აი, სრულყოფილი შურისძიებაც: გუშინ, „ლივერპულის” კარში „მანჩესტერ სიტის” მიერ გატანილი ოთხი ჩათვლილი და ერთი არჩათვლილი გოლიდან პირველი ორის დროს სტერლინგმა გომესი დაჯაბნა, რის გამოც შესვენების შემდეგ იურგენ კლოპმა მცველი სულ გაარიდა მოედანს.
სტერლინგ-გომესის ორი ეპიზოდიდან პირველის დროს გომესმა სტერლინგი წააქცია, რისთვისაც დაინიშნა პენალტი, რომელიც კევინ დე ბრუინმა გაიტანა; მეორე შემთხვევაში კი „ქალაქელმა” თავად შეაგდო გოლი.
როგორც მოგახსენეთ, მატჩი დასრულდა 4:0. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც „სიტის” კატალონიელ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ალბათ ტკბილ-მწარე გემო დაუტოვა. ვინ იცის იფიქრა, გუნდი, რომელსაც 4:0-ს ვუგებ 23 ქულით წინ როგორ გავუშვიო.
თუმცა, გვარდიოლას სიხარულის საბაბიც ბლომად ჰქონდა. თუნდაც ფილ ფოდენის შესანიშნავი თამაში: 20 წლის ბიჭმა გოლიათთა ბრძოლაში ღირსეული მონაწილეობა მიიღო — ერთი საგოლე პასი შეასრულა და ერთიც, პირველი ტაიმის ბოლოს, თავად შეაგდო.
მეოთხე გოლი მასპინძლებმა უკვე მეორე ტაიმში გაიტანეს — ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ენდი რობერტსონის დარტყმულზე კარგად ჩაწოლა ვერ მოახერხა და ბურთი თავის კარში ჩაეჭრა.
და იყო კიდევ მეხუთე გოლი, რომელიც რიად მაჰრიზმა შეაგდო, ოღონდ VAR-მა ფოდენს ხელით თამაში მოუძებნა.
ინგლისური პრესა წერს, რომ ეს თამაში „ქომუნითი შილდს” ანუ სუპერთასს ჰგავდა — ერთი შეხედვით დიდი აზრი რომ არ აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ გუნდები რომ ინდომებდნენ, რათა შემდეგ სეზონს ყინჩად შეხვდნენ და მეტოქეს თავიანთი ძალა, მრისხანება და უპირატესობა აგრძნობინონ.
გვარდიოლაზე ზემოთ მოგახსენეთ, კლოპმა კი ეს დამარცხება, ალბათ, ნაბახუსევს უნდა მიაწეროს და გაფრთხილებად ჩათვალოს — მომდევნო სეზონში „ლივერპულს” ტიტული აქვს დასაცავი.