მარტი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ქართული სპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვე იქნება და ვიმედოვნებთ, თბილისის ქუჩებს მოზეიმე ხალხის მორევი წალეკავს.
მარტისადმი კი ქომაგის მოლოდინი უპირველესად, რა თქმა უნდა, ფეხბურთს უკავშირდება. ბელარუსთან, ერთა ლიგის ნახევარფინალით, რომელიც „დინამო არენაზე“ 26 მარტს შედგება, ქომაგები, რა ხანია ცხოვრობენ. მანამდე კი საქართველოს ნაკრებს არანაკლებ მნიშვნელოვანი ბრძოლების გადატანა მოუწევთ, ოღონდ წყალში და შესაძლოა ის მოხდეს, რომ კალათბურთის და რაგბის შემდეგ დიდი ტურნირების კარი სხვა სათამაშო სახეობებშიც შევაღოთ.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ახლახანს ბუდაპეშტში გამართული ევროპის ჩემპიონატი რომ მეათე ადგილზე დაასრულა, ძველი ამბავია. რევაზ ჩომახიძის გაწრთვნილებმა სწორედ კონტინენტის პირველობაზე გაინაღდეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
იაპონია, ავსტრალია, უნგრეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, იტალია, სერბეთი, აშშ და ერთიც უცნობი გუნდი აზიიდან. ეს იმ ნაკრებთა ჩამონათვალია, რომლებსაც ტოკიო 2020-ის საგზური ჯიბეში უდევთ, მათ კი კიდევ 3 გუნდი უნდა დაემატოს, საიდანაც ერთ-ერთი, თეორიულად სწორედ საქართველოა.
საკვალიფიკაციო შეჯიბრს 22-29 მარტს ჰოლანდიის ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს, მანამდე კი ლოზანაში, FINA-ს შტაბ-ბინაში ტუნრირში მონაწილე გუნდების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში კანადასთან, ბრაზილიასთან, მონტენეგროსთან და საბერძნეთთან და ამ ეტაპზე უცნობ აზიის წარმომადგენელ გუნდთებთან ერთად მოხვდა, ხოლო B ჯგუფში ხორვატია, ჰოლანდია, გერმანია, არგენტინა, რუსეთი და აზიიდან ასევე უცნობმა კიდევ ერთ გუნდი ითამაშებს.
ჯგუფებიდან გასული 4-4 გუნდი ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდება, რასაც თავისთავად ნაევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი მოჰყვება. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას კი პირველი სამეული მოიპოვებს.





