გარეთ ბეილის გადასვლა „ჯიანგსუ სუნინგში” ჩაიშალა. მიზეზი: ჩინურმა კლუბმა ხორვატი ივან სანტინის ყიდვა ამჯობინა.

ახლა, „რეალიდან” თავის დასაღწევად უელსელმა სხვა გზა უნდა ნახოს. „მარკა” წერს, რომ საამისოდ ორი ვარიანტი არსებობს: პირველი ის, რომ სადმე ჩინეთშივე ნახოს მისით დაინტერესებული კლუბი, რომელიც „ჯიანგსუს” მსგავსად დიდ ჯამაგირს გადაუხდის და მეორე, სანამ ბრიტანეთში სატრანსფერო ბაზარი ღიაა (დარჩენილია 10 დღე), პრემიერლიგაში ნახოს რაიმე ვარიანტი.

ამბობენ, რომ პრემიერლიგელთაგან ბეილის შეძენის მსურველი მისი ყოფილი კლუბი „ტოტენჰემია”, მაგრამ გაურკვეველია, როგორ გადაუხდის უელსელს წელიწადში 15 მილიონ ევროს. ეს 15 მილიონი ის თანხაა, რომელსაც ბეილი „რეალში” იღებდა… თუმცა, რატომ იღებდა? ჯერ კიდევ იღებს.

კაცმა რომ თქვას, „ტოტენჰემის” ინტერესის ამბავიც ერთი თვის წინანდელ ინფორმაციას ეყრდნობა.

„მარკას” ვერსიით თავად ბეილი „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე ოცნებობს. მას სურს, რამენაირად კლუბებს შორის ფეხბურთელების გაცვლის კომბინაციაში მოხვდეს — პოლ პოგბა „იუნაიტედიდან” „რეალში” წამოვიდეს, ხოლო თავად „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდეს.