„მარკა“ მადრიდული გაზეთია. ითვლება, რომ ის „რეალის“ მხარდამჭერია, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლეო მესიმ, „ოქროს ბუცის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მას ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ, ამ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს.

— თქვენ ბარსელონაში 13 წლისა, ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოხვედით. დღეს რა დარჩა იმ ბავშვისგან?

— ცხადია, მას მერე დიდი დრო გავიდა და როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა უამრავი რამ მოხდა, მაგრამ ოცნებები და სურვილები არ შეცვლილა.

— როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას მერე, რაც ბედი ანტონელა რაკუცოს დაუკავშირეთ და შვილები შეგეძინათ? 

— ეს ყველა გაგებით დიდი ცვლილება იყო. ბევრ საკითხს სხვანაირად აღივქვამ. სიმართლეს გეტყვით, მამობა ყველაზე მშვენიერი რამ არის რაც ცხოვრებაში გადამხდენია. ჩვენ ორი შვილი გვყავს და მესამეს ველოდებით. უფროსის დაბადება ენითაუწერელი განცდა გახლდათ. ასევე იყო მეორის გაჩენაც და მესამისაც ასე იქნება.

— ამასწინათ, ვნახეთ ფოტო, სადაც ტიაგოს წიგნს უკითხავთ. როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება? 

— ჩემი ყოველდღიურობა ძალიან არის ბავშვებთან დაკავშირებული. დილაობით ისინი სკოლაში მიმყავს, ხოლო ვარჯიშიდან რომ ვბრუნდები, ფაქტობრივად პირდაპირ ტიაგოს გამოსაყვანად მივემართები. სკოლის შემდეგ, სადილობამდე, მე და ტიაგო, ვცდილობთ ანტონელასა და მატეოსთან ერთად ვიყოთ. საღამოს ბავშვებს ვაძინებთ, მერე კი დიდი დრო აღარც ჩვენ გვრჩება. ყველაფერი ისეა, როგორც ჩვეულებრივ ოჯახებში.

— ბავშვები შინ ფეხბურთის თამაშს არ გთხოვენ?

— მაინცდამაინც არ მთხოვენ ფეხბურთი გვეთამაშეო. იშვიათად… უფრო მატეო ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ უმცროსია. ტიაგო კი უკვე დადის ფეხბურთზე. არა, ჩემთან თამაშს ხშირად არ ითხოვენ.

— როდესაც თქვენ მატეოს ბურთს უგდებთ, ის მას მარჯვენა ხელით გიბრუნებთ თუ მარცხენათი?

— მარჯვენათი. ორივე მემარჯვენე მყავს.

— შინ დაბრუნებული ანტონელასა და ბავშვებთან ფეხბურთზე ლაპარაკობთ თუ გარე სამყაროსგან ითიშებით?

— სახლში ფეხბურთზე ფაქტობრივად არ ვლაპარაობთ. ათასში ერთხელ, თუ გუნდში ან ნაკრებში რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

— ბავშვები რას გთხოვენ? საერთოდ, ხვდებიან ისინი, თუ ვინ არის ლიონელ მესი?

— მატეო ჯერ აშკარად ვერ ხვდება, რადგან როდესაც ვინმე ავტოგრაფს ან ფოტოს გადაღებას მთხოვს, გაკვირვებული უყურებს. ტიაგო ნელ-ნელა იწყებს გაცნობიერებას, მაგრამ ჯერ ვერ გარკვეულა. სტადიონზე სიარული და თამაშების ნახვა უყვარს, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის საქმის კურსში. ხანდახან, გულშემატკივრების წაბაძვით, შინ მესის მეძახის. ვერ ხვდება, რა ხდება.

— მომავალში რას აპირებთ? მწვრთნელი გახდებით თუ წყანარად იცხოვრებთ და გოლფს ითამაშებთ?

— არ ვიცი რას გავაკეთებ. ოჯახში რამდენჯერმე ვილაპარაკეთ ამ თემაზე, მაგრამ ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ, ჩემს თავს მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია, მეთქი. მწვრთნელობა არ მიტაცებს. ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში შეიძლება დამოკიდებულება შემეცვალოს, მაგრამ მანამდე კიდევ მაქვს დრო. გამოჩნდება. კარიერის დასასრულს რომ მივუახლოვდები, რამეს მოვიფიქრებ.

— ფეხბურთელებისგან გაგვიგია, რომ ფიზიკურად ძალიან ძლიერი ხართ. ეს ვარჯიშის შედეგია თუ დიეტის?

— განსაკუთრებული არაფერი. დიეტას წლებია ვიცავ. ფეხების გასაძლიერებელ ვარჯიშებსაც ვაკეთებ, მაგრამ, ზოგადად ტრენაჟორების კაცი არ ვარ.

— სამზარეულოში ფუსფუსი გიყვართ?

— არა, კერძი არასდროს გამიკეთებია. ალბათ, რამეს კი მოვახერხებდი, მაგრამ გასაყიდად ნამდვილად ვერ გავიტანდი.

— დაგვისახელეთ კერძი, რომელზეც დიეტის გამო უარი თქვით, არადა ძალიან გიყვარდათ.

— შოკოლადი. უშოკოლადოდ ძალიან მიჭირს. ხანდახან ახლაც მივეპარები ხოლმე.

— სიესტა თქვენთვის კვლავ მნიშვნელოვანია?

— არა, აღარ. და მართალი გითხრათ ძალიან მენატრება. შუადღისას ძილს მხოლოდ ნაკრებში ვახერხებ. ბავშვების გამო ამის დრო აღარ მაქვს.

— ფეხბურთს ხშირად უყურებთ?

— კი, მიყვარს ფეხბურთის ყურება. ნამდვილად გულშემატკივარი ვარ.

— რომელიმე კონკრეტულ შეჯიბრებას თუ ადევნებთ თვალს თავიდან ბოლომდე. 

— ზოგადად, ყველაფერს ვადევნებ თვალს. ვუყურებ ესპანეთის, ინგლისის და არგენტინის ჩემპიონატებს. რასაკვირველია, ჩემს განრიგს თავისი შესწორებები შეაქვს, მაგრამ ზოგადად ყველაფრის საქმის კურსში ვარ.

—  ლიგა 1-საც უყურებთ?

— კი. ახლა უფრო ხშირად, ვიდრე ადრე.

— ადვილია იყო ლეო მესი?

— ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ცდილობს ოჯახური ცხოვრებით იცხოვროს. მართალია, როდესაც ამბობენ, რომ შეუმჩნევლად ყოფნა მიყვარს. არ მინდა ყურადღების ცენტრში ვიყო.

— ოთხი „ოქროს ბუცის“ მფლობელი ხართ. რას ფიქრობთ, როდესაც ამ ჯილდოებს უყურებთ?

— სასიამოვნოა, როდესაც აფიქსირებ, რისთვის მოგცეს ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემთვის ინდივიდულაური ჯილდოები არასდროს არის მთავარი. მირჩევნია კიდევ ერთხელ მოვიგო ჩემპიონთა ლიგა ან ლა ლიგის ჩემპიონის წოდება, თუმცა ამ ჯილდოების სახლში ქონაც სასიამოვნოა. ეს მნიშვნელოვანი პრიზებია.

— წლეულს ყველაზე ძლიერი გუნდი „მანჩესტერ სიტია“?

— დღეისათვის ყველაზე ძლიერი გუნდები „სიტი“ და პსჟ არიან. მაგრამ, სეზონი დიდხანს გრძელდება. მართალია, ამწუთას ხალხის მოლოდინს ვერ ამართლებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ „რეალის“ ჩამოწერა არაფრით შეიძლება. ნურც „ბაიერნს“ დავივიწყებთ. სეზონის ბოლოს ეს დიდი გუნდიც „იქ“ იქნება. თუმცა, ჯერჯერობით, ფაქტია, „სიტი“ და პსჟ ყველაზე კარგად თამაშობენ.

— სამუელ უმტიტი ისეთი საშიშია, როგორიც ვარჯიშებზე ჩანს თუ უფრო მშვიდი ადამიანია?

— უმტიტი როგორც თამაშობს, ისე ვარჯიშობს. თავს არ ზოგავს. მოედანს მიღმა კი შესანიშნავი ადამიანია.

— ფრანგის თამაშმა გაგაოცათ?

— გულწრფელად გეტყვით, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. შემდეგ, ვარჯიშებზე ვუყურე და მისი თამაში უკვე აღარ გამკვირვებია.

— მიმდინარე სეზონში „ბარსელონა“ დაცვაში უფრო ყოჩაღობს ვიდრე თავდასხმაში. რა არის ამის მიზეზი?

— ნეიმარის წასვლის გამო იძულებული გავხდით თამაშის სტილი შეგვეცვალა. შეტევაში დიდი პოტენციალი დაგვაკლდა, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ დაცვაში გავძლიერდით. პრინციპში, ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ნახევარდაცვაში ვართ. ეს გვაბალანსებს და ამიტომაც გაძლიერდა დაცვა.

— რამ განაპირობა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინის ნაკრების პრობლემები და ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ მუნდიალზე გამარჯვებისთვის ბრძოლას შეძლებთ?

— რთული პერიოდი გამოვიარეთ. სამი მწვრთნელი გამოგვეცვალა და თითოეულ მათგანთან შეგუება ადვილი არ იყო. მათ განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია და იდეები ჰქონდათ. ამჟამად ჩვენი მწვრთნელია ხორხე სამპაოლი, რომლის ხელმძღვანელობითაც ოთხი ოფიციალური და რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. თანდათანობით ვიხვეწებით. ამას რომ თავი დავანებოთ, შესარჩევი ციკლი რთული შეჯიბრებაა. გუნდები ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო თანაბრად თამაშობენ და ჯგუფიდან გასვლა ძნელდება.

— 2014 წელს ფინალში გერმანიასთან დამარცხდით. გერმანია კვლავ მთავარი პრეტენდენტი იქნება თუ ამჯერად ბრძოლაში ახალი გუნდები ჩაებმებიან, მაგალითად ესპანეთი და პორტუგალია?

— გერმანია ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. ისინი ყოველთვის ფავორიტები არიან. არიან სხვა ძლიერი პრეტენდენტებიც: ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი. ისინი შესანიშნავ ფორმაში იყვნენ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

— ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში ჰოლანდიას ეთამაშეთ. არ გიკვირთ, რომ ისეთი დიდი ფეხბურთელი, როგორიცაა არიენ რობენი, მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა?

— წეღანაც ვთქვი, რომ როგორც ევროპაში, ასევე სამხრეთ ამერიკაში, შესარჩევი ეტაპის დაძლევა სულ უფრო ძნელი ხდება. ბევრი „პატარა გუნდი“ კარგად არის ორგანიზებული და მდგომარეობას ართულებს. ცხადია, მსოფლიოს ჩემპიონატს დააკლდება ტრადიციული გუნდები, ჰოლანდია და იტალია.

— თურქეთში ბევრი გულშემატკივარი არდა თურანს აკრიტიკებს. თქვენ რას იტყოდით მასზე, როგორც ფეხბურთელზე?

— არდა მაღალი დონის ფეხბურთელია. სამწუხაროდ მას არ გაუმართლა, რომ არ ენდნენ და რეგულარულად არ ათამაშებდნენ. რეგულარულად თამაში ყველას სჭირდება. ის ჩვენთან „ატლეტიკოდან“ მოვიდა, სადაც სხვა პოზიციაზე გამოჰყავდათ. ძნელია, როდესაც შიგადაშიგ გათამაშებენ. როგორც კი არდას ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში ენდობოდნენ, ის კარგ ფორმაში შედიოდა.

— იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. თქვენი აზრით იტალიური ფეხბურთი ევროპაში თავის მოწინავე პოზიციას კარგავს?

— ფაქტია, რომ ბოლო წლებში იტალიური ფეხბურთი ძველებურად მყარად ვეღარ დგას. მეეჭვება, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ-მოხვედრასთან იყოს კავშირში. ისეთი დიდი გუნდები, როგორებიც არიან „მილანი“ და „ინტერი“ ათი წლის წინანდელივით ვეღარ თამაშობენ და ეს მთელ იტალიურ ფეხბურთში იგრძნობა. ნელ-ნელა ისინი ცდილობენ ძველი პოზიციების დაბრუნებას, მაგრამ ეს ორი გუნდი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და კვლავ მაღალ ევროპულ დონეზე ათამაშდეს.

— „რეალის“ კრიზისზე რას იტყვით?

— ის მხოლოდ დროებითია. ასეთ რამეს პირველად ხომ არ ვხედავთ. საბოლოოდ, „რეალი“ ფორმაში შევა და ყველაფრისთვის იბრძოლებს, რადგან ძლიერი გუნდი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.

— „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში კრიშტიანუ რონალდუ თქვენი მთავარი კონკურენტია, თუ რომელიმე სხვა ფეხბურთელსაც აქვს შანსი?

— დღეს ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, რომელთაც „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლიათ. ბოლო წლებში ორი კონკურენტი იყო, მაგრამ ახლა ამ ჯილდოსთვის ბრძოლა შეუძლიათ ნეიმარს, კილიან მბაპეს და ლუის სუარესს.

— ამას წინათ კრიშტიანუმ თქვა, რომ თქვენ ოდესმე შეიძლება დამეგობრდეთ. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია?

— არ ვიცი დავმეგობრდებით თუ არა. მეგობრობა დროის ერთად გატარებასა და ერთმანეთის კარგად გაცნობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, რადგან სალაპარაკოდ მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიალზებზე ვხვდებით. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხშირად არ იკვეთება.

 

 

წილი
წინა სტატიაOh, my goal
შემდეგი სტატიავალენტინობა
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.