ნიუკასლის შესასვლელთან, ბორცვზე, დაახლოებით 50-მეტრი სიმაღლის მონუმენტია. ერთი შეხედვით , დიდი არაფერი, მარტივი კონსტრუქციაა, რომელსაც ფერიც ჟანგისა დაჰკრავს… რამდენიმე წლის წინ კი იმ ბორცვზე ასეთი რამ მოხდა: „ნიუკასლის“ ფანებმა კლუბის 50-მეტრიანი მაისურა შეკერეს, უკანა მხარეს ციფრი „9“ და „GOD“ მიაწერეს და მონუმენტს ჩამოაცვეს. განმარტება საჭირო აღარაა, ალბათ, კარგად იცით, „ნიუკასლის“ ცხრანომრიანი მაისურა ვის ეკუთვნის.
ნიუკასლელ ფანთა ამ ქცევას დიდი ამბავი მოჰყვა. ქალაქის პოლიცია ფეხზე დადგა და დამნაშავეთა ძებნა დაიწყო . მონუმენტზე ღამით გადაფარებული შავ-თეთრი ნაჭერი კი დილას გააქრეს. ამ საქმეს პოლიცია დღემდე იძიებს, თუმც, ეტყობა, კარგად არ ინდომებს.
ისეთივე შავ-თეთრი, ოღონდ ადამიანური ზომის ცხრანომრიანი მაისურა, ისეთივე წარწერით ყოველ მეორე ნიუკასლელს აქვს მორგებული, ნიუკასლი კი დაახლოებით მილიონიანი ქალაქია…
„ნიუკასლი“ – „დინამოს“ მატჩი ახალდამთავრებული იყო, როცა საკონფერენციო დარბაზიდან „სენტ ჯეიმს პარკის“ შერეული ზონისკენ გადავუხვიე და ბარიერს მიღმა, ტელეკამერების წინ მოლაპრაკე ალან შირერი შევნიშნე და… ზედმეტი სითამამისთვის ინგლისელ ჟურნალისტებს მაშინაც მოვუბოდიშე და ახლაც იგივეს ვაკეთებ, ერთ-ორს მხარი რომ გავკარი, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა, შირერი ლაპარაკს ამთავრებდა და გასახდელში ბრუნდებოდა…
- ერთი წუთით…
- დიახ, გისმენ.
- ქართველი ჟურნალისტი ვარ, შეიძლება მცირე ინტერვიუ გთხოვოთ? სულ სამი-ოთხი წუთი დამჭირდება
- სასიამოვნოა, გისმენთ, რა გაინტერესებთ?
ალან შირერი მომესალმა, ბარიერს დაეყრდნო და „სარბიელის“ კითხვებზე საპასუხოდ გაემზადა…
- პირადად თქვენთვის, დღეს „დინამოსთან“ თამაში, ალბათ, ვარჯიშის ტოლფასი იყო…
- არა, ასე რატომ ფიქრობთ? უეფას თასზე გუნდი შემთხვევით ვერ ითამაშებს. მართალია, „დინამო“ ახალგაზრდული გუნდია, გამოუცდელობა ეტყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს ჩვენ ძალები დაგვეზოგოს. აგერ, ხომ მიყურებთ, ძალიან დარლილი ვარ, სუსტ მეტოქესთან კი მთელ ენერგიას არ დავხარჯავდი.
- ესე იგი, „დინამო“ თქვენთვის ღირსეული მეტოქე იყო?
- დიახ, თუმცა ჩვენ ვაჯობეთ და კმაყოფილი ვარ.
- თქვენზე ამბობენ, ფეხბურთელის კარიერის შემდეგ სამწვრთნელო საქმეს დაიწყებსო. ასეა?
- დიახ, ასეა, მწვრთნელობაზე სერიოზულად ვფიქრობ.
- და როდის შეუდგებით ამ საქმეს?
- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, თუმც ახლაც ბევრს ვსწავლობ. მაგალითად, კვირაში ორჯერ უეფას მწვრთნელთა სემინარებს ვესწრები, მწვრთნელისთვის აუცილებელ ცოდნას ვიძენ.
- ფეხბურთელის კარიერას როდის დაასრულებთ?
- ალბათ, ერთ სეზონსაც ვითამაშებ.
- მერე „ნიუკასლს“ ჩაიბარებთ თუ პირდაპირ ინგლისის ნაკრებისკენ მიგიწევთ გული?
- ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ისე კი, მსურს „ნიუკასლში“ დავრჩე და აქ ვიმუშაო.
- იქ, სადაც გაღმერთებენ?
- გმადლობთ.
- ნიუკასლში უზომოდ პოპულარული ხართ. არ გიჭირთ? აქ ხომ თქვენი პატივისცემით ყველა შირერია. ალბათ, ქუჩაში თავისუფლად ვერ დადიხართ…
- ნიუკასლში არ ვცხოვრობ, თუმცა ჩემი მშობლიური ქალაქია. აქვე, 50 კილომეტრში მაქვს სახლი და თავისუფალ დროს იქ ვარ. პატივისცემისთვის ქომაგის მადლობელი ვარ, „ნიუკასლს“ მთელს ინგლისში გამორჩეული ფანები ჰყავს.
- 34 წლის ხართ. თითქმის 15 წელიწადია უმაღლეს დონეზე თამაშობთ. ფეხბურთელ შირერისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება რა იყო?
დაფიქრდა, საჩვენებელი თითი წარბზე გადაისვა და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის მატჩი გაიხსენა.
- გახსოვთ ინგლისი -არგენტინის მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- სკანდალური მატჩი, ბექემი რომ გააძევეს?
- დიახ, აი, იმ მატჩისას იყო ეპიზოდი, რომელიც გოლით უნდა დამესრულებინა. სწორედ ბექემმა ჩააწოდა საჯარიმოში, ავხტი და თავით დასარტყმელად მოვემზადე. დარწმუნებული ვიყავი, გოლი გამქონდა, ბურთი კარში მქონდა წარმოდგენილი, როცა მცველმა ხელით ითამაშა, ბურთი თავიდან ამაცალა, მსაჯმა კი თამაში გააგრძელა. მსაჯი რომ ვყოფილიყავი, იმ მცველს ულაპარაკოდ გავაძევებდი. მოგვიანებით ამ მსაჯმა კემპბელის ნაღდი გოლიც გააუქმა. საბოლოოდ, ის თამაში პენალტებით წავაგეთ, მე კი ერთი კვირა შოკში ვიყავი.
- ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
- სამი შვილი მყავს და მათზე ჭკუას ვკარგავ.
- როგორც ფეხბურთელი?
- ინგლისის ნაკრების კაპიტნად რომ დამნიშნეს, მეტი ბედნიერება ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. და კიდევ, ბედნიერი ვიყავი მაშინაც, როცა „ბლექბერნთან“ ერთად პრემიერლიგა მოვიგე.
- ეგებ ცოტა უხერხული კითხვაა, მაგრამ მაინც: დღეს „დინამოს“ მეკარე მამალაძეს იდაყვი ჩაარტყით. ეს კი თქვენთვის არც პირველი იყო და ალბათ, არც ბოლოა. არ ფიქრობთ, რომ მეტოქის საჯარიმოში უხეშობთ ხოლმე?
- მე ვუხეშობ? ვერ დაგეთანხმებით. მე ფეხბურთს ვთამაშობ და შესაძლოა, ხანდახან მეტოქეს ხელი მოვარტყა, ხან – ფეხი. არ ვუხეშობ, ვთამაშობ! მეკარეს კი ბოდიშს ვუხდი, შევატყვე, მკერდი ეტკინა, მაგრამ დამნაშავე არ ვარ, ბურთისთვის ვიბრძოდი.
- ერთ გახმაურებულ ამბავს გაგახსენებთ. ამ ორი წლის წინ როი კინს წაეჩხუბეთ. ახლა მასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ის „მანჩესტერში“ თამაშობს, მე – „ნიუკასლში“.
- ყველაზე მეტად რომელ მცველთან გიჭირთ თამაში?
- ასეთი არ არსებობს, ჩემთვის ყველა ერთია.
- უხერხული მეტოქე არ გყავთ?
- რიო ფერდინანდის წინააღმდეგ არ მიყვარს თამაში. მგონია, რომ არასწორად თამაშობს და ამავდროულად ბევრი გამოსდის.
- თქვენი საყვარელი მწვრთნელი ვინ არის?
- კევინ კიგანი და რონ ატკინსონი.
- გოლის გატანას თქვენ ყველასგან განსხვავებულად აღნიშნავთ – ხელი ზემოთ და გაშლილი მტევანი. ამით რას გამოხატავთ?
- ჩემს პატივცემულ ქომაგებს ვესალმები და მხარდაჭერისთვის მადლობას ვეუბნები…
09.11.2004